LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება, როცა კანი და რბილი ქსოვილები გვიგზავნიან პირველ სიგნალს? – რბილი ქსოვილების ონკოქირურგის, იოსებ ლაჩაშვილის რეკომენდაციები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

4130
იოსებ-ლაჩაშვილი

„რა ძირითადი განსხვავებაა კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს შორის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის, რა შემთხვევაში არის აუცილებელი დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი, რა ტიპის კვლევები ინიშნება ხალების, კანქვეშა წარმონაქმნების და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ონკოლოგიური პრობლემების განვითარებას და რა ტიპის რეკომენდაციების დაცვა არის საჭირო“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ზოგადმა ქირურგმა, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლის ონკოქირურგმა – იოსებ ლაჩაშვილმა ისაუბრა.

ბატონო იოსებ, რა იგულისხმება რბილ ქსოვილებში?

რბილი ქსოვილი არის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, ფასცია, მყესები, ნერვები და აქედან განვითარებულ დაავადებებს რბილი ქსოვილების დაავადებები ჰქვია. აღნიშნული დაავადებები შეიძლება, იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. ასე  არის კანზეც, კანზეც შეიძლება, არსებობდეს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები.

როდესაც კანქვეშ ჩნდება რაღაც ტიპის გამკვრივება, იქნება ეს ბურთულა, რომელიც მოძრაობს თუ იქნება ეს უძრავი ტიპის გამკვრივება, ეს ადამიანებში გარკვეულ შიშს იწვევს. არის თუ არა იმ ტიპის სიმპტომები, რომლებიც არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანსაც მიანიშნებს, რომ წარმონაქმნი საყურადღებოა და აუცილებლად საჭიროებს ექიმთან ვიზიტს?

პირველ რიგში, დავიწყოთ კანზე გაჩენილი წარმონაქმნებით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ავთვისებიანი არ არის. თუ წარმონაქმნი დიდი ხანია გაჩნდა, თუ დიდი ხანია არსებობს კანის დაზიანება, დიდი ხანია, ერთი თვე, თვე ნახევარია არ ხორცდება, ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. სპეციალისტი შეაფასებს, გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა კვლევები, გასცემს დანიშნულებას. შეიძლება, იყოს ანთებითი პროცესი, რომელსაც უმკურნალებს ექიმი და შემდეგ გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დამატებით კიდევ რაიმე კვლევა, ამოკვეთა და ა.შ. თუ სპეციალისტი შეაფასებს, რომ აქ რაღაც საეჭვო, ავთვისებიანი პროცესია, აუცილებლად უნდა გაკეთდეს დამატებითი კვლევები.

რაც შეეხება კანქვეშ გაჩენილ წარმონაქმნებს, თუ ეს არის რბილი, მოძრავი წარმონაქმნი, დიდი ალბათობით, ეს არ არის საშიში, თუმცა, რა თქმა უნდა, პაციენტმა თავად არ უნდა გადაწყვიტოს წარმონაქმნი საშიშია თუ არა და აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რომელიც ვიზუალურად შეაფასებს ამ წარმონაქმნს, ხელით გასინჯავს და თუ საჭირო იქნება, კვლევებს დანიშნავს.

თუ წარმონაქმნი არის მკვრივი, უძრავი, ის აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას და უმჯობესია, არ გადადოთ და დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან არის ხოლმე დაგვიანებული შემთხვევები, როცა უკვე გავრცელება აქვს დაავადებას და ცუდი შედეგებით მთავრდება. რაც მალე შეამჩნევთ პრობლემას და რაც მალე მიმართავთ სპეციალისტს, უკეთესია.

არის თუ არა მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ასეთი წარმონაქმნის სიდიდე და მდებარეობა?

არა, ვერ ვიტყვით, რომ სიდიდე ან მდებარეობა განმსაზღვრელია. შეიძლება, პატარა იყოს წარმონაქმნი, მაგრამ იყოს ავთვისებიანი, შეიძლება, დიდი იყოს წარმონაქმნი და არ იყოს ავთვისებიანი, მაგალითად, ლიპომა, ე.წ. ცხიმგროვა, რომელიც, დიახ, შეიძლება, გადაგვარდეს და იყოს ავთვისებიანი, მაგრამ ძირითადად, კეთილთვისებიანია და ადამიანისთვის საშიში არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი თვითონ მოქალაქემ არ უნდა გადაწყვიტოს და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ სპეციალისტმა შეაფასოს, უვნებელია ესა თუ ის წარმონაქმნი, საშიში, მოსაკვეთი თუ ა.შ.

არის თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც გვეუბნება, საიდან შეიძლება, გაჩნდეს სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნი?

სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნების გაჩენის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

შეიძლება, რომ ძლიერმა დარტყმამ, გარკვეული ტიპის ტრავმამ რბილ ქსოვილზე სიმაგრე, წარმონაქმნი გააჩინოს?

დიახ, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, პაციენტები ხშირად ამბობენ, ტრავმა მივიღე, რაღაც ავწიე, კონკრეტული ადგილი მეტკინა იმ მომენტში და მერე, სიმაგრე გამიჩნდა. შეიძლება, პაციენტს კანქვეშ უკვე ჰქონდა წარმონაქმნი, რომლის შესახებაც არ იცოდა და ტრავმის მიღების შემდეგ, დაზიანების შემდეგ, მიაქცია ყურადღება, ანუ ტრავმამ კი არ გამოიწვია, უბრალოდ ტრავმას დაემთხვა მისი გამოვლენა. ის ისედაც გამოვლინდებოდა, უბრალოდ, ცოტა უფრო მოგვიანებით.

ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ტრავმა წარმონაქმნის დაჩქარების მიზეზი არის ან არ არის, მაგრამ ხშირად, ტრავმის დროს უფრო მეტად ექცევა მას ყურადღება, რადგან ადამიანები დაზიანებულ ადგილს ისინჯავენ, ყურადღებას აქცევენ და ასე აღმოაჩენენ ხოლმე კონკრეტულ წარმონაქმნს.

რამდენად მნიშვნელოვანია მტკივნეული არის თუ არა წარმონაქმნი? არის გავრცელებული მითი, რომ თუ მტკივნეულია წარმონაქმნი, საშიში არ არის…

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ასე ვერ ვიტყვით, რომ რახან მტკივნეულია წარმონაქმნი, ავთვისებიანია და თუ არ არის მტკივნეული, ავთვისებიანი არ არის და პირიქით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქსოვილიდან არის წარმონაქმნი განვითარებული და თუ როგორი ხასიათის არის ის. ავთვისებიანობას ან კეთილთვისებიანობას მტკივნეულობა არ განსაზღვრავს. მაგალითისთვის, ნერვებიდან განვითარებული წარმონაქმნი, ნევრინომა ან შვანომა, არის კეთილთვისებიანი, თუმცა ძლიერ მტკივნეული.

რას უნდა მივაცქიოთ ყურადღება, რა ძირითადი განსხვავებაა კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს შორის?

ამ ეტაპზე, ვისაუბროთ კანზე, კანის წარმონაქმნებზე, მაგალითად, ხალებზე. რა თქმა უნდა, ყველა ხალი საშიში არ არის, თუმცა შეიძლება, ადამიანმა თავად ვერ განსაზღვროს, რომელი ხალი არის საშიში და რომელი – არა და ზუსტად ამიტომ უნდა მიმართოს კანის ონკოქირურგს, რომ მან თავისი გამოცდილი თვალით შეაფასოს, მომავალში რომელ ხალს შეიძლება, ჰქონდეს გადაგვარების შესაძლებლობა. მუქი ფერის, არასწორი კიდეების მქონე ხალები ყურადღება მისაქცევია. თუ ხალი პატარა ზომისაა, შეიძლება, დაკვირვება, პერიოდულად ექიმთან ვიზიტი და კონტროლი.

თუ რომელიმე ხალმა დაიწყო ზომაში ზრდა, ფორმის შეცვლა, თუ კიდეები არათანაბარი გახდა, მაშინ ის, პრევენციის მიზნით, აუცილებლად უნდა ამოიკვეთოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, 100 %-ით გვექნება იმის გარანტია, რომ აქედან არაფერი აღარ განვითარდება.

სამწუხაროდ, არის ხოლმე დაგვიანებული შემთხვევები, როცა ხალიდან განვითარებული აქვთ სიმსივნე, მელანომა, რომელიც მოგეხსენებათ, ძალიან ცუდი, ძალიან აგრესიული სიმსივნეა. ახლაც, მყავდა პაციენტი, რომელსაც უკვე ძალიან ჰქონდა განვითარებული პრობლემა და მელანომაში იყო გადაგვარებული, რადგან ხალს დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა ზრდა, ფორმის შეცვლა და პაციენტმა 2 წელი ყურადღება არ მიაქცია. ასე რომ, სანამ ხალი გადაგვარდება, სანამ მელანომა წარმოიქმნება, ჯობია, მანამდე მიმართოთ ექიმს, შეიმოწმოთ ხალები და თუ ამოსაკვეთია, დროულად ამოიკვეთოთ და შემდგომ, მუდმივად ყურადღებით იყოთ სხვა ხალებთან დაკავშირებითაც.

კანის ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ხშირად არის ხოლმე მზე, დამწვრობა, ეს მოხდება ზღვაზე თუ ვენახში მუშაობისას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შუადღის მზეზე ყოფნა არ შეიძლება, რადგან ამ დროს, ულტრაიისფერი გამოსხივება ძალიან მაღალია.

ის რომ დღეს დავიწვი მზეზე, არ ნიშნავს, რომ ხვალ გამიჩნდება ონკოლოგიური პრობლემა, შეიძლება, მან წლების მერე იჩინოს თავი. რუჯის მიღება შეძლება, თუმცა მზისგან დამცავი საშუალებით, დილის 11:00 საათამდე და შუა დღის 16:00 – 16:30 საათის შემდეგ, როცა ულტრაიისფერი გამოსხივება მაღალი აღარ არის. ბოლო დროს, ხალხი უფრო მიეჩვია ასე მოქცევას, რადგან კახა თოდუა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქირურგი, ტელევიზიით თუ რადიოთი, ხშირად საუბრობს ამ თემაზე და ამბობს, რომ არ არის სწორი დაწვე და მთელი დღე რუჯი მიიღო.

მზისგან დამცავის გამოყენებით და ჩვენს მიერ აღნიშნულ საათებში რუჯის მიღება დასაშვებია, ეს არ არის ცუდი და საზიანო კანისთვის, პირიქით, მისაღებია, მაგრამ შუა დღის 2-3 საათზე რუჯის მიღება და დამწვრობა არაფრით არ შეიძლება.

კანქვეშ არსებული წარმონაქმნების შემთხვევაში, თუ არის რაიმე ისეთი სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ არ შეიძლება დაცდა და აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ წარმონაქმნი არის მკვრივი, უძრავი, მაშინ, ჯობია, რომ აღარ დაელოდოთ მის განვითარებას, თუ რა მოხდება მომავალში, გაიწოვება თუ არა თავისით და მიმართოთ ექიმს.

წეღანაც მოგახსენეთ, შეიძლება, წარმონაქმნი იყოს ცოტა მკვრივი, მტკივნეული, იყოს ნერვისგან განვითარებული, თუმცა არ იყოს საშიში და ავთვისებიანი, ამიტომ თავად მოქალაქე ვერ შეაფასებს, რაღაც წარმონაქმნი კარგია თუ ცუდი, ეს სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს.

ძვალზეც მინდა გკითხოთ, ამ შემთხვევაში, რა ტიპის ჩივილებზე შეიძლება იყოს საუბარი თუ ჩივილი არ არსებობს და ჩვენ აბსოლუტურად შემთხვევით შეიძლება, რომ აღმოვაჩინოთ პრობლემა?

დიახ, შეიძლება, სრულიად შემთხვევითაც აღმოვაჩინოთ პრობლემა, შეიძლება, სულ სხვა რამის გამო მივიდეს პაციენტი კვლევაზე, რენტგენზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და აღმოჩნდეს, რომ იქ რაღაც წარმონაქმნია.

ძვალზეც არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, ძვლოვანი წანაზარდები, ავთვისებიანი სიმსივნეები, სარკომები…

თუ რაიმე წარმონაქმნი ისინჯება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია.

ძვლის წარმონაქმნს შეიძლება, ახასიათებდეს ტკივილი და შეიძლება, უსიმპტომოდაც მიდიოდეს. ტკივილიანიც და უმტკივნეულო წარმონაქმნებიც აუცილებლად სპეციალისტის მიერ უნდა შეფასდეს.

ახსენეთ კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვადასხვა ტიპის კვლევები, იქნება ეს ხალი, კანქვეშა წარმონაქმნი თუ ძვალთან დაკავშირებული პრობლემები, კვლევების სქემა ყოველთვის სტანდარტულია? ზოგადად, როგორ მივდივართ დიაგნოზამდე, თუ რა ტიპის წარმონაქმნთან გვაქვს საქმე, როგორია პირველადი კვლევები?

კანის შეფასება, ძირითადად, ვიზუალური დათვალიერებით ხდება, ასევე არსებობს დერმატოსკოპი, რომელიც ადიდებს და უფრო კარგად აჩვენებს წარმონაქმნებს და მას ხშირად მიმართავენ კანის კლინიკები.

რაც შეეხება რბილ ქსოვილებს ან ძვლოვან წარმონაქმნებს, არის კვლევის უამრავი მეთოდი, არსებობს ლიმფური კვანძების, რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა, არსებობს ჩვეულებრივი რენტგენი, ძვლების შემთხვევაში, არსებობს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მთელი სხეულის PET/CT გამოკვლევა, რომელიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაძლევს. ხანდახან, მხოლოდ ერთი ან ორი კი არა, ყველა ამ კვლევის კომბინაცია არის საჭირო, ყველა ამ კვლევიდან რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ და თითოეული მათგანი გვეხმარება საბოლოო დიაგნოზის დასმაში. რა თქმა უნდა, გამოკვლევების საჭიროება ექიმმა უნდა განსაზღვროს, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტს გაუკეთებია კომპიუტერული ტომოგრაფია, როცა ის საერთოდ არ იყო საჭირო. შეიძლება, უბრალოდ რბილი ქსოვილების ექოსკოპია ჩავატაროთ და იმით დაისვას დიაგნოზი და კომპიუტერი და დასხივება საერთოდ არ იყოს საჭირო.

ყოველ ჯერზე საჭიროა თუ არა ბიოფსიის ჩატარება?

რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, ბიოფსიის ჩატარება საჭირო არ არის, მაგალითად, შეიძლება, რბილი ქსოვილების ექოსკოპიით მივიღოთ ჩვენ რაღაც ინფორმაცია ამა თუ იმ წარმონაქმნის შესახებ და ეს საკმარისი იყოს, მაგრამ შეიძლება, სპეციალისტმა თქვას, რომ იქ რაღაც საეჭვოა და მხოლოდ ექოსკოპიით დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდება და ჩასატარებელი იყოს ბიოფსია. ხშირად, მხოლოდ ერთი კვლევაც საკმარისია დიაგნოსტირებისთვის, მაგალითად, თუ რბილი ქსოვილების ექოსკოპია გვეუბნება, რომ არის ლიპომა, აქ ბიოფსია და სხვა კვლევები საჭირო აღარ არის. თუ გადავიღეთ რენტგენი და გვაქვს ძვლოვანი წანაზარდი, ეგზოსტოზი, მას მეტი დამატებითი კვლევა აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევებიც, როცა მხოლოდ ერთი კვლევით ჭირს რაიმეს დადგენა და საჭირო ხდება უფრო მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, PET/CT კვლევა.

არსებობს თუ არა რაიმე ასაკი, რა დროსაც უფრო მეტად უნდა ველოდოთ მსგავსი პრობლემების განვითარებას?

ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები ისეთი ხშირი არ არის, როგორც მოზრდილთა ასაკში, ძირითადად არის უფრო საშუალო ასაკში და ხანდაზმულ ასაკში, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა, საკმაოდ გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც ვითარდება მელანომები, სარკომები…

სპეციალური მომზადება სჭირდება თუ არა პაციენტს ქირურგიულ ჩარევამდე?

რა თქმა უნდა, გააჩნია მასშტაბს, გააჩნია ოპერაციას, დაავადებას და დიაგნოზს. წინა საოპერაციო კვლევებს აუცილებლად გავდივართ, პაციენტი სტანდარტულად იტარებს სისხლის ანალიზს, გულ-მკერდის რენტგენს, რომ ფილტვები ინახოს, კარდიოგრამას. გარდა ამისა, თუ არის შაქრიანი დიაბეტი, საჭირო ხდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, თუ არის კარდიოლოგიური პრობლემა – კარდიოლოგის კონსულტაცია, თერაპევტის კონსულტაცია და ა.შ. თუ კვლევებში ინახა რაიმე დარღვევა, მაგალითად, ანემია, მიდის ამის კორექცია. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტს კორონოგრაფია და სტენტირებაც კი დასჭირვებია ოპერაციამდე.

სხვადასხვა დიაგნოზზე და სხვადასხვა ჩარევაზე სხვადასხვა კვლევა შეიძლება დაგვჭირდეს. ექოსკოპია, რენტგენი, მრტ თუ არ გავაკეთეთ წინასწარ, ოპერაციას და მის მასშტაბს ვერ დავგეგმავთ. რაღაც დიაგნოზებზე საკმაოდ ბევრი კვლევა გვჭირდება, რაღაც დიაგნოზებზე ნაკლები. 

თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რა ტიპის და რა მასშტაბის ქირურგიულ პროცედურებსაც ატარებთ, არსებობს თუ არა პოსტოპერაციული გართულებების რისკი?

პოსტოპერაციული გართულების რისკი ყველა შემთხვევაში, ყველა  ქირურგიული ჩარევის დროს არსებობს, მათ შორის, ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენს შემთხვევაში, ძირითადი პოსტოპერაციული გართულება შეიძლება, იყოს ჭრილობის ინფექცია, ასევე მაგალითად, მელანომის დროს, როდესაც ხდება კანის ამოკვეთა და საჭირო ხდება კანის სხვა ადგილიდან აღება და გადანერგვა, შეიძლება, რომ გადანერგილი კანი ნაწილობრივ ან მთლიანად არ მიიღოს ორგანიზმმა, ვერ აიღოს სისხლძარღვოვანი მომარაგება და დანეკროზდეს. შეიძლება, იყოს სისხლდენა და ჰემატომაც, რაც ხშირი არ არის, მაგრამ ასეთი გართულებების რაღაც პროცენტული მაჩვენებელი არის.

იმ ფონზე, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა, ტექნოლოგიები, ყოველ თვიურად ახლდება გაიდლაინები და ა.შ. არის თუ არა უკეთესი პროგნოზის შესაძლებლობა, მაშინ, როცა ჩვენ ვერ მოვასწარით ექიმთან დროულად მიმართვა, რაღაც სიმპტომები მივაყურადეთ და სიტუაცია მაინც და მაინც სახარბიელო არ არის?

სასურველია, რომ დროულად მოხდეს რეაგირება, ამ დროს, შედეგი და პროგნოზი, რა თქმა უნდა, უკეთესია.

თუ დაგვიანებული შემთხვევაა, სამწუხაროდ, აქ ვერ ვიტყვი, რომ პროგნოზი და გამოსავალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში კეთილსაიმედო იქნება. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ხშირად, საჭირო ხდება ხოლმე კომპლექსური მკურნალობა, სხივები, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია. ეს კომპლექსური მკურნალობა შეიძლება, იყოს შედეგიანი, თუმცა შეიძლება, რომ არც ისე შედეგიანი გამოდგეს და დაგვიანების შემთხვევაში, კარგ გამოსავალს არ ველოდოთ. როცა დაგვიანებული შემთხვევაა, ძირითადად, სიცოცხლის გახანგრძლივებაზეა ლაპარაკი და არა მორჩენაზე.

გამეორება, რეციდივი რამდენად შესაძლებელია და სად უფრო მეტია ამის რისკი, კანქვეშა წარმონაქმნების, ხალების თუ ძვლების პრობლემების დროს?

ხალს გამეორება არ ახასიათებს, ხალს რომ ამოკვეთავ, ხალი იქ აღარ განმეორდება, სხვა პიგმენტური წარმონაქმნი შეიძლება, რომ სხვაგან გაჩნდეს, მაგრამ ხალი, რომელიც ამოიკვეთა, აღარ არსებობს. ხალს რომ ამოვკვეთავთ, ხშირად არის ხოლმე ასეთი კითხვა, „ფესვები ღრმად ჰქონდა?“ ხალი არის კანის წარმონაქმნი, ფესვები ღრმად და კუნთებში ხალი არ მიდის.

მელანომის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ გაჩნდეს მეტასტაზი, იყოს გავრცელება.

კანის სხვა ონკოლოგიური დაავადებების დროსაც შეიძლება, იყოს მეტასტაზური გავრცელება, მაგალითად, არის ასეთი დაავადება კანის ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა, რომელიც არის ყველაზე კეთილი ავთვისებიანი სიმსივნე, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას, რადგან მას ახასიათებს კანის კანქვეშა ქსოვილების მხოლოდ ადგილობრივად დაზიანება, თუ დროულად არ მიმართეთ სპეციალისტს, შეიძლება, მთელი მიდამოც დააზიანოს, იყოს უსიამოვნო სუნი, სისხლდენა და ა.შ. , მაგრამ არ ახასიათებს მეტასტაზი, არ ახასიათებს გავრცელება და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა თუ დროულად არ მიმართავთ ექიმს, ქსოვილებს ადგილობრივად იმდენად აზიანებს, რომ იქ ძალიან ცუდი პროცესები ვითარდება.

რაც შეეხება რბილი ქსოვილების ავთვისებიან სიმსივნეებს, აქაც შესაძლებელია რეციდივები. ონკოლოგიურ დაავადებებს რეციდივები ახასიათებს.

რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას?

როგორც უკვე ვისაუბრეთ, მზემ და დამწვრობამ, ასევე გამონაბოლქვმა, თამბაქომ, ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა და ა.შ.

თქვენი პრაქტიკიდან ან ზოგადად, თუ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა რბილი ქსოვილების ქირურგმა პირდაპირ იხსნა ადამიანის სიცოცხლე, შესაძლო ფატალური შედეგისგან?

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა, მაგალითად, საწყისი ფორმის დროს, რომ ამოკვეთავ მელანომას, ეს პირდაპირ ნიშნავს იმ ადამიანის გადარჩენას.

ახსენეთ მზე და მზისგან მიღებული დამწვრობა, რაც შესაძლოა, მომავალში ძალიან მძიმე შედეგების მიზეზი გახდეს. ვიცით, რომ თეთრი კანის მქონე ადამიანები, შედარებით უფრო ადვილად იწვებიან მზეზე, ვიდრე მუქი ფერის მქონენი. რამდენად აქვს მნიშვნელობა კანის შეფერილობას, თეთრი კანის მქონე ადამიანებს პრობლემის განვითარების უფრო მეტი რისკი აქვთ?

რისკის ქვეშ უფრო თეთრი კანის მქონე ადამიანები არიან და მათ უფრო მეტად ესაჭიროებათ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და ისინი უფრო მეტად უნდა მოერიდონ ულტრაიისფერ გამოსხივებას. 

მარტივად რომ ვთქვათ, თუ მე მუქი პერის კანი მაქვს, შემიძლია, რომ 11:00-დან 17:00 საათამდე უპრობლემოდ დავწვე მზეზე?

არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და რეგულაციები ყველამ უნდა დავიცვათ, მაგრამ უფრო მეტი რისკი თეთრი კანის მქონე ადამიანებს აქვთ.