LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

953
maradona86

დიეგო მარადონა აღარ არის!

თითქოს სამყარო დაცარიელდა, რაღაც დიდი მოსწყდა ქვეყნიერებას და აუნაზღაურებელი დანაკლისი მიიღო.

ალბათ დედამიწის არცერთ წერტილში არ დარჩება ადამიანი, ვინც თავის სიტყვას არ იტყვის ამ გენიაზე.

მარადონა აღარ არის, მაგრამ როგორ შეიძლება მარადონა არ იყოს – ასეთებს ხომ სიკვდილი არასოდეს უწერიათ!

ეს არის ადამიანი, რომელიც უიშვიათესი ნიჭით გახლავთ დაჯილდოებული. მას ჰქონდა უნარი უდიდესი სიამოვნება, არნახული სიხარული მიენიჭებინა ხალხისთვის და გაებედნიერებინა მათი ყოფა. მარადონამ შეძლო ის, რისი გაკეთებაც მილიონობით ადამიანს ერთად აღებულს არ შეუძლია.

ფეხბურთი იყოფა მარადონამდე და მარადონას შემდეგ. ის არის ათვლის წერტილი და ამ სიმაღლემდე აწი ვერავინ ავა.

როდესაც პიკზე იყო, დედამიწაზე ყველაზე მეტმა ადამიანმა იცოდა მისი სახელი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო, ყველა ქვეყანაში იცოდნენ – მარადონა.

ვიღაცისთვის (არა სპორტის ქომაგისთვის) ის შეიძლება ფეხბურთელი იყო, მაგრამ მარადონა გასცდა სპორტის ჩარჩოებს და ფეხბურთი ხელოვნებამდე აიყვანა, რენესანსამდე, სადამდეც მოკვდავი ადამიანის გონება ვერც აღწევს.

მარადონას პასები ფიზიკის კანონს არ ექვემდებარებოდა და აი ამიტომაც იყო გენია. მისი ბურთების ტრაექტორია ახალ მეცნიერებას ამკვიდრებდა.

მარადონას შემდეგ დაიბადა მესი. მომავალშიც დაიბადებიან დი სტეფანო, რონალდო, მესი, პელე, ქინქლაძე, მაგრამ აღარასოდეს აღარ განმეორდება თავად დიეგო – ეს შეუძლებელია. შესაძლოა მასზე უკეთესიც დაიბადოს, მაგრამ მარადონა აღარ განმეორდება. და ალბათ არც არის საჭირო. კაცობრიობას დიეგო უკვე ჰყავს.

მის გიჟმაჟ ხასიათსა და არასპორტულ ქცევებზე ბევრი დაიწერა. ხასიათი სხვანაირი ვერც ექნებოდა იმხელა გენია იყო, ის მოწესრიგებულად უბრალოდ ვერ იცხოვრებდა – მას ჩარჩოებში ვერავინ და ვერაფერი ვერ მოაქცევდა.

ის ლეონარდო და ვინჩი იყო, შექსპირი იყო, მოცარტი…

წლების წინ, როდესაც სიკვდილს ებრძოდა და მისი გადარჩენის შანსი მცირე იყო, არგენტინაში ეკლესია გაუკეთეს, ქომაგებს კი ზურგზე EL DIOS (ელ დიოს – ღმერთი) ეწერათ.

არგენტინელები ხომ ხუმრობით ამბობენ, ღმერთი არგენტინელიაო. ეგ როგორო, რომ ეკითხებიან – მარადონა ხომ არგენტინელია, ღმერთი რომ არგენტინელი არ იყოს, მაშინ მარადონას აქ ხომ არ გააჩენდაო.

 

შეხვედრა დიეგოსთან

2008 წლის ოქტომბერში დიეგო თბილისში ჩამოვიდა. მეორე დღეს “დინამოზე” პრესკონფერენცია მოაწყო. არასოდეს დამავიწყდება ის დღე. მისი ხასიათიდან გამომდინარე ბოლომდე დარწმუნებულები არც ვიყავით მოვიდოდა თუ არა. დაგვიანებით მოვიდა და მცირე დროს გვითმობდა. გადაჭედილი იყო დარბაზი. ქართველმა ჟურნალისტებმა და ქომაგებმა ისეთები ჩაუტარეს, გააგიჟეს კაცი. აშკარად გაკვირვებული იყო იმდენი ვიცოდით მასზე, იმდენი დეტალი გავახსენეთ, ისეთი სიმპათია და სიყვარული დაინახა ქართველებისგან და უფრო დიდხანს დარჩა… დათო ტურაშვილმა მაშინ აიღო მისი წიგნის (yo soy el diego) ქართული ვარიანტის დაწერის ნებართვა და 2010-ში გამოვიდა კიდეც “მე ვარ დიეგო”.

თადარიგი დავიჭირე, დიეგოს მაგიდასთან სპეციალურად ახლოს ვიჯექი და რომ შევატყვე ახლა ადგება და წავა-თქო, მასთან გავჩნდი, წინასწარ მომზადებული თაბახის ფურცელი მაგიდაზე დავუდე და ავტოგრაფი ვთხოვე. მართალია ჩემ ფურცელზე უმალ სხვა ფურცლები აღმოჩნდა, მაგრამ დიეგომ ყველა გასწია და ხელი მომიწერა. მხარზე ხელი შემოვარტყი და ვუთხარი ის, რასაც ყოველთვის ვფიქრობდი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ცხადშიც ვიტყოდი – შენ ყველაზე მაგარი კაცი ხარ დედამიწაზე!

ოცნება ამიხდა, ჩარჩოში ჩასმული დიეგოს ავტოგრაფი კი ჩემი ოთახის კედლიდან არასოდეს ჩამოსულა.

 

 

მარადონა – მას აღიარება არასოდეს აკლდა, მაგრამ გავა წლები, ათწლეულები და ეს სახელი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს – მარადონა არ იქნება ერთი ადამიანი, ის იქნება განზოგადოებული სახელი – ზეადამიანის, უსაზღვრო ნიჭიერების, რაღაც იშვიათი და განსაკუთრებული მოვლენის, განუმეორებელი გენიის აღმნიშვნელი მომაჯადოებელი სიტყვა…

რა მაგარია, რომ სამყაროს დიეგო ჰყავდა… ჰყავს!..

დიეგო მარადონა – Gracias Don Diego!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები