LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიფთერია

106
დიფთერია

დიფთერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დიფთერიის ტოქსინი იწვევს. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან. დიფთერიის ბაქტერიები ცხვირ-ხახის ლორწოვანზე ბინადრობენ და ხველის, ცემინების დროს ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებიან. ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოებმა, ჭურჭელმა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი დაასნებოვნოს.

დაავადება ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში. დიფთერიით უმეტესად ის ბავშვები და მოზარდები ხდებიან ავად, რომელთაც სწორად არ ჩაუტარდათ ან საერთოდ არ ჩაუტარდათ დიფთერიის საწინააღმდეგო აცრა. აუცრელი ადამიანის ორგანიზმში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია, ყელისა და სასუნთქი გზების ანთება და ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ხორხის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. გეგმური აცრების შედეგად ავადობა და სიკვდილიანობა ფაქტობრივად აღმოიფხვრა.

დიფთერიის რამდენიმე ფორმა არსებობს: ხახის დიფთერია; სასუნთქი გზების დიფთერია; ცხვირის დიფთერია; იშვიათი ლოკალიზაციის დიფთერია.

ხახის დიფთერიის ზოგადი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, უმადობა, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება. ინფიცირებული ბავშვი ფითრდება, ხახა, ნუშურა ჯირკვლები და სასა შეწითლებული აქვს, დიდი ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები – გადიდებული, გულისცემა – გახშირებული. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება დამახასიათებელი აპკოვანი ნადები. ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ამ დროს ცხვირიდან მოედინება ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლიანი სითხე, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია. ხორხის დიფთერია (კრუპი) იწყება ტემპერატურის მატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველით.

დიფთერიის ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. დიფთერიის საწინააღმდეგო შრატით დროული მკურნალობა მოკლე ხანში გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. დიფთერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა აცრაა. დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანტიტოქსიკური ანტისხეულების წარმოქმნას, რაც დიფთერიის კლინიკურ გამოვლენას შეუძლებელს ხდის. დაავადების შემთხვევაში დიფტერია მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინის მოქმედების პერიოდი 10 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები