LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრაივი, ადრენალინი და ექსტრიმი: ევროპის 10 საუკეთესო გასართობი პარკი

32

ევროპის გასართობი პარკები, თავისი წარმოუდგენელი ატრაქციონებით – დრაივის, ადრენალინის და კრეატივის სამყაროა, სადაც ნებისმიერი ასაკის ექსტრიმის მოყვარული იგრძნობს თავს სამოთხეში.

 

პორტ ავენტურა” – კოსტა დორადა, ესპანეთი

 

 

“პორტ ავენტურა” ესპანეთის ყველაზე პოპულარული გასართობი პარკია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სტუმრების კომფორტული დასვენებისა და გართობისთვის. პარკთან აკვაპარკია მოწყობილი აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, რამდენიმე კილომეტრში კი – ორი აეროპორტი და სასტუმროა მათთვის, ვისაც ხანგრძლივი გართობა აქვს დაგეგმილი.

ექვს “სამყაროდ” დაყოფილ პარკში ყველაფერია – ხმელთაშუა ზღვისპირა ჩქაროსნული ატრაქციონით “Furius Baco” (“ამერიკული მთების” ანალოგი) დაწყებული, ველური დასავლეთის ქალაქით და წყლის ატრაქციონებით დასრულებული. ეგზოტიკის მოყვარულებს მექსიკაში, ჩინეთში ან პოლინეზიაში შეუძლიათ დაისვენონ, ყველაზე პატარა სტუმრებისთვის კი – სეზამია გახსნილი, თავისი მომაჯადოვებელი ზღაპრული სამყაროთი.

 

დისნეილენდი” – მარნლავალე, საფრანგეთი

2

 

გასართობი პარკების კომპლექსი “Disneyland Resort Paris” 1992 წელს გაიხსნა პარიზთან ახლოს და მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც გალაქტიკებს შორის მოგზაურობა, ვარსკვლავებთან შეხება და მატეორების წვიმის ნახვა, ან მძინარე მზეთუნახავის კოშკის სტუმრობა და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონის გაცნობა – ერთი სიტყვით ცნობილი ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში გასეირნება უნდა.

“დისნეილენდის” ტერიტორიაზე ორი თემატური პარკი – “Disneyland Park” და “Walt Disney Studios Park” , გასართობი პარკი “Disney Village” და გოლფის მოედანი “Golf Disneyland”, რამდენიმე სასტუმრო, საქმიანი და საცხოვრებელი კვარტალია მოწყობილი. პარკში მოგზაურობა ცენტრალური ნაწილიდან – ყველაზე მხიარული და სანახაობრივი “Main Street”-იდან იწყება, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის სტილშია დეკორირებული თავისი რეტრო-ავტომობილებით, ხმაურიანი მოტორებით და დამახასიათებელი სიგნალებით.

“Frontierland”-ში, სადაც მე-19 საუკუნის ქალაქის ატმოსფეროა შექმნილი, ინდიელები და კოვბოები ბინადრობენ. “Adventureland” – ინდიანა ჯონსის სამყაროა და ატრაქციონებიც შესაფერისია – ბეწვის ხიდები, ჩანჩქერები და “მტრულად განწყობილი” მეკობრეები. პიტერ პენს თავისი “Fantasyland” აქვს, “Never Land”-ში კი, ცნობილ სპილოსთან – დამბოსთან ერთად შეიძლება მოგზაურობა. მოკლედ, პარიზის “დისნეილენდი” ფანტსატიკური ატრაქციონების და შოუების ჯადოსნური და შეშლილი სამყაროა, სადაც ნებისმიერი იგრძნობს თავს კომფორტულად.

 

პრატერი” – ვენა, ავსტრია

 

3

 

დუნაის სანაპიროზე გაშენებული პარკის “პრატერის” ტერიტორია ერთ დროს იმპერატორის სასახლის მონადირეებს ეკუთვნოდათ, 1766 წელს კი, იმპერატორ იოზეფ მეორეს ბრძანებით აქ საზოგადოებრივი პარკი გაშენდა. გაჩნდა პირველი ატრაქციონები, ყავის სახლები, საცხობები და თოჯინების თეატრი, თავისი ქუჩის მუსიკოსებით და ცირკის მსახიობებით. მსოფლიო გამოფენის დროს, პარკი ვენის ცნობილ ბაზრობად იქცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და პრაქტიკულად თავიდან გაშენდა. პარკის ისტორიის შესწავლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა “პრატერის” მუზეუმში შეიძლება, რომელიც პლანეტარიუმის შენობაშია მოწყობილი.

პარკი ორ ზონად იყოფა – “მწვანე” (Grüner Prater) და თვითონ “პრატერი” (Wurstelprater), სადაც მრავალფეროვანი ატრაქციონებია თავმოყრილი. პარკში საბავშვო რკინიგზა და რამდენიმე კაფეც მუშაობს.

 

“Phantasia Land” – კიოლნი, გერმანია

4

 

ქვეყნის საუკეთესო პარკს – “ფანტაზია ლენდს”, რომელიც კიოლნთან ახლოს უზარმაზარ ტერიტორიაზეა მოწყობილი, ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

ორ თემატურ ზონად დაყოფილი პარკი სტუმრებს წარსულში – 1920-იანი წლების ბერლინში და ჩაინა-თაუნში, ძველ მექსიკასა და აფრიკაში, ველურ დასავლეთსა და ცნობილი ზღაპრების მისტიკურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს. ატრაქციონების უმრავლესობა დახურულ პავილიონებშია მოთავსებული. აქვეა 65 მეტრის “გადმოვარდნილი” კოშკი “Mystery Castle”, განსაკუთრებული პოპულარულობით კი, “შავი მამბა” – ყველაზე გრძელი და სწრაფი “ამერიკული მთები” სარგებლობს. მათ, ვისაც ნაკლებად ექსტრემალური გართობა ურჩევნია, ნავით სეირნობა და მშვერიერი მუსიკის მოსმენა შეუძლია. პარკში

სისტემატურად ეწყობა ბაიკ-შოუები, აფრიკული ცეკვების საღამოები და ოპტიკურ-ილუზიონისტური წარმოდგენები. “ფანტაზია ლენდი” ყველა სეზონზე მასპინძლობს სტუმრებს. ზამთრში პარკში საციგურაო მოედანი კეთდება, გახსნილია სანტა-კლაუსის სახლი და მუშაობს ყველა ატრაქციონი.

 

ლისებერგი” – გეტებორგი, შვედეთი

5

“ლისებერგი” სკანდინავიის ყველაზე მსხვილი გასართობი პარკია, რომელმაც მრავალფეროვანი ატრაქციონების წყალობით მოიპოვა პოპულარობა.

“მრუდე სარკეების” ოთახის, ე.წ. “ატმოსფეროს” და სხვა ექსტრემალური ატრაქციონების გარდა “ლისებერგს” პატარა და მყუდრო გამწვანებული პარკიც აქვს თავისი ულამაზესი ხედებით, სადაც სტუმრებს “ადგილობრივი მობინადრეები” – ბაჭიები და ბოცვერები ართობენ. გარდა ამისა, პარკში ხშირად ეწყობა უფასო კონცერტებიც.

 

ლეგოლენდი” – ბილუნდე, დანია

6

 

“ლეგოლენდი” ბავშვების და უფროსების საყვარელი გასართობი პარკია. მისი შემქმნელები ისე გაიტაცა საბავშვო კოსტრუქტორმა, რომ მათ პარკის მოწყობა “ლეგოს” უზარმაზარი ბლოკებით გადაწყვიტეს. კომპლექსის აშენებას 46 მლნ. დეტალი დასჭირდა, რომელთა უდიდესი ნაწილი “მინიატურების სამყაროს” შექმნაზე დაიხარჯა, სადაც გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ამერიკის, ნორვეგიის, შვედეთის და დანიის ღირსშესანიშნაობების შემცირებული ასლები შეგროვდა.

პარკში, რომელსაც ყოველთვის უამრავი დამთვარიელებელი სტუმრობს, ძალიან ადვილია დაკარგვა, თუმცა, “ლეგოლენდის” წინდახედულმა მფლობელებმა მშვენიერი გამოსავალი მოძებნეს – პარკის შესასვლელში ბავშვებს სპეციალური სამაჯურები ურიგდებათ, რომელშიც wi-fi-ია ჩამონტაჟებული და თუ ატრაქციონებით გართული მშობლები და ბავშვები ერთმანეთს შემთხვევით დაკარგავენ, მშობელებს sms-ის გაგზავნა და რამდენიმე წამში ტელეფონით დაკარგული ბავშვის კოორდინატების მიღება შეუძლიათ, წინასწარ გაცემული რუქით კი, ზუსტად შეიძლება მითითებული კოორდინატების მოძებნა.

 

ეფტელინგი” – ჩრდილოეთ ბრაბანტი, ნიდერლანდები

7

 

თემატური პარკი “ეფტელინგი” 1952 წელს გაიხსნა და დღემდე ინარჩუნებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკის სახელს. 650 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებულ პარკს წელიწადში სულ მცირე ოთხი მილიონი დამთვარიელებელი მაინც სტუმრობს.

თავიდან მხოლოდ ძველი ევროპული ზღაპრების მოტივებზე შექმნილი პარკი, დროთა განმავლობაში სრულფასოვან გასართობ პარკად გადაიქცა მრავალრიცხოვანი ატრაქციონებით, თუმცა მაინც შეინარჩუნა თავისი ზღაპრული ატმოსფერო და დღეს უზარმაზარი საპარკო ტერიტორიაა, სადაც თოჯინა-რობოტების წარმოდგენებით დაწყებული, “ამერიკული მთებით” დასრულებული, უამრავი სანახაობრივი და გასართობი ატრაქციონია წარმოდგენილი. გარდა ამისა, პარკში რეგულარულად ეწყობა სეზონური მიუზიკლ-შოუები ცნობილიჰოლანდიელი მუსიკოსების მონაწილეობით.

 

“Rainbow Magic Land” – რომი, იტალია

8

 

უზარმაზარი გასართობი პარკი “Rainbow Magic Land” რომთან ახლოს, პრაქტიკულად პატარა ქალაქია, რომელიც 24 თემატურ ზონადაა დაყოფილი და 30-ზე მეტ ატრაქციონს აერთიანებს. ყველაზე პოპულარული მათ შორის “ამერიკული მთების” ბევრად უფრო სწრაფი და ექსტრემალური იტალიური ვერსია “შოკია”, რომელსაც არაფრით ჩამოუვარდება პლანეტარიუმი “გუდინის სახლი” თავისი მოძრავი იატაკით და “მფრინავი ჰოლანდიელი”. თუმცა, პარკის მთავარი თემა მაინც მაგიაა – ჯადოსნურ-მისტიკური თავგადასავლები, რომლებსაც ყოველთვის კეთილი დასასრული აქვს.

2011 წელს გახსნილი პარკი უკვე მოხვდა ევროპის საუკეთესო გასართობი პარკების ათეულში. “Rainbow Magic land” იმდენად პოპულარულია, რომ ის რომის ტურისტული მარშრუტების პროგრამაშიც შეიტანეს.

 

“BOBBEJAANLAND” – ანტვერპენი, ბელგია

9

 

ანტვერპენის ახლოს მოწყობილი პარკი “BOBBEJAANLAND”, ცნობილმა ბელგიელმა მომღერალმა ბობოიან სხუპენმა (ევროვიზია-1957-ის მონაწილე) დააარსა 1961 წელს სხვადასხვა ქვეყნის გასართობი პარკების გამოცდილების გაზიარებით. პარკი არა მარტო ადგილობრივების საყვარელი ადგილია, არამედ ტურისტებსაც იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

თავიდან “BOBBEJAANLAND” მხოლოდ ორ თემატური ზონად – კოვბოების და ინდიელების ტერიტორიად იყო დაყოფილი თავისი ატრაქციონებით. მოგვიანებით პარკში ახალი ატრაქციონები გამოჩნდა და დღეს “BOBBEJAANLAND” ამერიკული მთების და წყლის ატრაქციონების, ოკი-დოკის მთითა და ჩქაროსნული გზის ჩათვლით, 40-ზე მეტ სხვადასხვა გასართობს თავაზობს დამსვენებლებს.

 

თავგადასავლების პარკი ONE” – დრუსკინინკაი, ლატვია

10

 

“თავგადასავლების პარკი ONE” მდინარე ნიამუნას ნაპირზე საკურორტო ქალაქის ცენტრის ახლოს მათთვის მოეწყო, ვისაც ბუნება და აქტიური დასვენება უყვარს. პარკის სტუმრებს ექვსი სხვადასხვა სირთულის ტრასა, 70-ზე მეტი შეჯიბრი და 20-მდე ექსტრემალური გასართობი ელოდება, რომელთა შორის განსაკუთრებული მოწონებით “ტარზანის გაფრენა მდინარე ნიამუნაზე” სარგებლობს. ატრაქციონი 400 კილომეტრის ექსტრემალურ ტრასას წარმოადგენს, რომელიც ლატვიის ყველაზე დიდ მდინარეზე, ხეებში გაბმული და ერთმანეთში ჩახლართული ბადეებით და კვანძიანი ბაგირებითაა გაკეთებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები