მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ძაღლებთან ერთად იზრდებიან, ალერგიული ასთმის განვითარებისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილები. ამასთან, კატების შემთხვევაში მსგავსი შედეგი არ დაფიქსირებულა, წერს Ersnet-ი.
ევროპის რესპირატორული საზოგადოების მეცნიერებმა გააანალიზეს მტვრის ნიმუშები, რომლებიც 1050 ჩვილის სახლიდან იყო აღებული და პატარების ასაკი სამი-ოთხი თვე იყო. შემდეგ ეს ნიმუშები სამი შესაძლო ალერგენის არსებობაზე შემოწმდა: ცილა, რომელსაც ძაღლის კანი და ნერწყვი გამოყოფს; ანალოგიური, მაგრამ კატის ცილა; და ბოლოს, ბაქტერიული ზედაპირული ცილები, რომლებიც შეიძლება იმუნიტეტის პასუხს იწვევდეს. ხუთი წლის შემდეგ იგივე ბავშვები ასთმაზე შეამოწმეს, ხოლო მიღებული ინფორმაცია ჩვილობის ასაკში აღებულ მონაცემებს შეადარეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვილები, რომლებიც იზრდებოდნენ ძაღლებთან ერთად, ხუთი წლის ასაკში ასთმის განვითარების ორჯერ ნაკლებ რისკს განიცდიდნენ, ვიდრე ისინი, ვის ოჯახშიც ძაღლი არ ჰყავდათ. ამასთან, მათი ფილტვებიც უკეთესად მუშაობდა. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს დამცავი ეფექტი კიდევ უფრო ძლიერი იყო იმ ბავშვებში, რომლებსაც გენეტიკურად ასთმისა და ალერგიის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ. კატების ალერგენების ზემოქმედებამ, როგორც აღმოჩნდა, დაავადებაზე გავლენა ვერ იქონია.
ასთმა ბავშვებსა და ახალგაზრდებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება და ასევე, ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ რაც უფრო სუფთა და „სტერილურია“ გარემო, რომელშიც იზრდება ჩვილი, მით უფრო მაღალია ასთმისა და ალერგიების განვითარების რისკი მომავალში. ჩვილის იმუნურ სისტემას სჭირდება „ვარჯიში“ – ანუ მიკრობებთან, ალერგენებთან და ბაქტერიულ მოლეკულებთან კონტაქტი, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ თვეებში.