რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „სიზმარში გნახე“ პრემიერა შედგა.
ვერიკო, ვისაუბროთ სიმღერაზე „სიზმარში გნახე“, რომელსაც დღეს წარუდგენ მსმენელს.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ძალიან აქტუალურია ძველი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიების გაკეთება, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, რადგან არ იკარგება ეს ნამუშევრები, აქტიურად მღერის ახალი თაობა და ახალი სიცოცხლე ემატება სიმღერას.
მოხდა ისე, რომ ვიპოვე ერთი სიმღერა, რომელიც რატომღაც, ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო. აღნიშნულ სიმღერას ოთარ გორდელის ჯაზ კვარტეტი მღეროდა, 1955 წლის ჩანაწერი ვიპოვე. ძალიან ძველი სიმღერაა, ფანტასტიკური ჟღერადობით. მოგეხსენებათ, მაშინ სულ გაორკესტრებული იყო სიმღერები. სიმღერას ჰქვია „შენი ღიმილი“, თუმცა რატომღაც, ახალ ვერსიას სხვა სახელი, „სიზმარში გნახე“ დავარქვი. გავაკეთე ახალი ვერსია, ძალიან რიტმული. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.
მოგეხსენებათ, მყავს ბენდი, რომელთან ერთადაც აქტიურად ვაკეთებ სიმღერებს, საკონცერტო რეპერტუარს. უკვე აქტიურად ვიწყებთ მოღვაწეობას.
უკვე, სიმღერის ვიდეორგოლიც დავდეთ. ვიდეორგოლი ალექსანდრე ფურცხვანიძეს ეკუთვნის.
მგონია, რომ ამ სიმღერის ტემპი, განწყობა ძალიან მოეწონება მსმენელს.
როგორია სამომავლო გეგმები, ბენდთან ერთად თუ გეგმავ კონცერტს?
მზად ვართ საკონცერტო მოღვაწეობისთვის, ბათუმში უკვე ჩავნიშნეთ კონცერტები. უახლოესი კონცერტი 9 ივლისს არის, კლუბში „სოჰო“. პროგრამა საკმაოდ დიდია, არის როგორც ძველი, ისე ახალი სიმღერები. დარწმუნებული ვარ, ვინც მოვა ჩვენს კონცერტზე, ძალიან ისიამოვნებს.
ვერიკო ტურაშვილი – სიზმარში გნახე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვერიკო ტურაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”