ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ენდომეტროიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა, რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ. ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, რომლის დროსაც სასქესო სისტემის ტრავმირებულ უბნებში ენდომეტრიუმის ომპლატაციის პირობები იქმნება. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.

ენდომეტრიოზი უპირატესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. დაავადების მთავარი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს ვლინდება. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი ინტენსიური ხასიათისაა, ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს იძლევა.

უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს გამოავლენს. დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით – დაავადების ადრეულ სტადიაში არის ლაპარასკოპია. თუ დიაგნოზის დასმა ჭირს, აიროვან პელვიოგრაფიას (მენჯის ღრუს დათვალიერება) მიმართავენ. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოია, რომელსაც მენსტრუაციული ციკლის დროს რამდენიმეჯერ ატარებენ. საბოლოო დიაგნოზს საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. საკვერცხეების ენდომეტრიოზული კისტის მკურნალობა ოპერაციულია. ენდომეტრიოზის მკურნალობას ავადმყოფის ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით აწარმოებენ. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები შედარებით იშვიათია.