LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სწორედ ის მუსიკაა, რომელიც ჩვენია, ძალიან გვიყვარს, ბავშვობიდან გვესმის…“ – ტრიო „აპრილია“ პრემიერით არ დაიდარდოში

539
ტრიო-აპრილია

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ტრიო „აპრილია“ სტუმრობდა. გადაცემაში „თბილისური პოპურის“ პრემიერა შედგა.

საიდან დაიბადა სახელი „აპრილია“ და რატომ?

აპრილი ასოცირდება სითბოსთან, სიახლესთან, გაზაფხულთან, ქალაქურ მუსიკასთან, სილურჯესთან. ჩვენს მეგობარს, ჩვენმა პროდიუსერს, ოთარ ედიშერაშვილს ეკუთვნის ტრიოს სახელი.

თქვენი გადმოსახედიდან, ყველაზე მეტად თქვენი შესრულებული რომელი სიმღერა გაჰიტდა?

მე ვთვლი, რომ „იასამნები“.

„იასამნები“ ჩვენ ცალკე სინგლად გამოვუშვით, ჩვენს პირველ ალბომში არ არის შეტანილი, ალბომის მერე გამოვუშვით.

პირველი ემოცია კონცერტებიდან გვახსოვს, პირველი ალბომი, რამდენიმე ყველასთვის საყვარელი სიმღერა რომ ვიმღერეთ, მეორე სეტში, ბოლოსკენ, „იასამნები“ ვიმღერეთ და ძალიან მოეწონა ხალხს. რეაქციიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ რაღაც კარგი გამოვიდა.

რა სიახლეებია თქვენს ტრიოში, შემოქმედებაში, როგორ მუშაობთ ახალ სიმღერებზე?

ვცდილობთ, რომ საავტორო სიმღერები ვიმღეროთ, ჩვენი სიმღერების მღერა მოგვწონს.

სიმღერის დაწერის პროცესში, თავიდან, რაღაც ჩონჩხი იქმნება, მერე, ბიჭები ერთად ვაკეთებთ, ვფიქრობთ, რა კუთხით უნდა წავიდეს ამა თუ იმ სიმღერის მიმართულება. ბევრი რამ შეიძლება, ისეთი იყოს, რომ არც ღირდეს ჩაწერად.

ყველა ერთად იღებთ გადაწყვეტილებებს?

რა თქმა უნდა, ყველა. ჩვენ, სამივე ჩართული ვართ, პლუს მეოთხე – ბატონი პროდიუსერი და ბოლოს ბეჭედს არტყამს ბატონი დავით უგრეხელიძე, როცა სტუდიაში უნდა ჩავწეროთ ხოლმე სიმღერა. ყოფილა, რომ ჩვენ, სამივეს ძალიან მოგვწონებია სიმღერა, ოთოსაც, მაგრამ მივსულვართ და უგრეხელიძეს უთქვამს – „არა, მე ამას არ გავაკეთებ“.

მერე, გწყინთ ხოლმე?

რა თქმა უნდა, შემოქმედ ადამიანს ამაზე ცუდი, ამაზე საშინელება რა უნდა უთხრა, რომ  – „მე შენი სიმღერა არ მომწონს“.

რამდენი სიმღერა დაგიბლოკათ?

ბევრი არა, სხვათა შორის.

მოგვიყევით ნამუშევარზე „თბილისური პოპური“.

პირველ რიგში, ვიტყვით იმას, რომ ეს ჩვენს რეპერტუარში მეორე ისეთი სიმღერაა, რომელიც არის კომპოზიტორის შექმნილი და არაა ტრიო „აპრილიას“ საავტორო შემოქმედებიდან. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია, ვიმღეროთ სხვადასხვა კომპოზიტორების გენიალური სიმღერები და ეს სწორედ ის მუსიკაა, რომელიც ჩვენია, ძალიან გვიყვარს, ბავშვობიდან გვესმის, გავიზარდეთ ამ სიმღერებზე, ამ ჟღერადობაზე, რომელიც ყველას სახლში იყო ჩართული. დღეს, ქალაქური სიმღერა, ძველი სიმღერები და ძველი კომპოზიტორები ნებისმიერი ტრიოსთვის და კვარტეტისთვის შთაგონების წყარო გახდა.

პოპურში 5 სიმღერაა, ნატო გელაშვილის, ნანა მესხის, ნანა დაუშვილის, კახა ცაბაძის. ნამუშევარში ნანა მესხის 2 სხვადასხვა სიმღერაა.

როგორია სამომავლო გეგმები, აპრილი როგორი იქნება „აპრილიასთვის“?

აპრილში უნდა გვქონდეს კონცერტი. კონცერტზე შესრულდება პირველ ალბომში შესული სიმღერები, იქნება ახალი პოპურიც.

ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე და საგაზაფხულოდ გვინდა, გამოვუშვათ „იასამნების“ მსგავსი სიმღერა.

ტრიო აპრილია – თბილისური პოპური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ტრიო აპრილია – თეთრი ნისლები. Live

ტრიო აპრილია. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები