ესპანეთის ხელისუფლებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევას კრძალავს. ასეთ ადგილებად შეიძლება ჩაითვალოს კაფეებისა და რესტორნების ტერასები, პლაჟები, სპორტული მოედნები, ღია ცის ქვეშ გამართული მუსიკალური კონცერტები და ავტობუსის გაჩერება. სიახლის შესახებ Reuters წერს.
ამ ადგილებში აკრძალული იქნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი სიგარეტის, არამედ ელექტროსიგარეტის და ვეიპისა მოწევაც. კანონი შესაძლოა ძალაში უკვე მომავალ წელს შევიდეს.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა ესპანეთს დიდი ხანია სჭირდება: ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ითვლება და კიბოს შემთხვევების 30%-ის გამომწვევია. ჯანდაცვის დეპარტამენტის სტატისტიკით, ესპანეთში ყოველწლიურად სიგარეტის შედეგად 50 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება — ეს დღეში დაახლოებით 137 სიკვდილია. მოზრდილებში ყოველ მეოთხე ესპანელი ეწევა.
ესპანეთის ხელისუფლების ინიციატივა უფრო ფართო ევროპულ ტენდენციას ეხმიანება — გამკაცრდეს თამბაქოს რეგულაციები. შვედეთში მოწევა აკრძალულია ბარების ტერასებზე, საფრანგეთსა და ბელგიაში — საზოგადოებრივი ადგილების უმრავლესობაში, მაგალითად პარკებსა და პლაჟებზე. თავად ბარსელონაში (კატალონიის ავტონომიური რეგიონი) პლაჟებზე მოწევა ჯერ კიდევ 2022 წელს აკრძალეს.
ახალმა „ანტითამბაქო ზომებმა“ სერიოზული წინააღმდეგობა გამოიწვია რესტორნებისა და ბარების მფლობელების მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ კვების კულტურა დიდწილად სწორედ მწეველ კლიენტებს უკავშირდება. ტერასებს ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი აქვთ ესპანურ ცხოვრების წესში და ქალაქებში ფართო ტერიტორიებს იკავებენ. ესპანეთის ტურისტული მიმზიდველობა შეიძლება შემცირდეს ახალი შეზღუდვების გამო, რადგან ბევრისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კლიმატი და კულტურა, არამედ თამბაქოს პროდუქტიც.