ლეგენდარული Ferrari-ს დამფუძნებლის, ენცო ფერარის კოსტიუმი აუქციონზე იყიდება და მისი სავარაუდო ფასი 200 000 დოლარს აღწევს – თანხა, რომლის სანაცვლოდაც მეორადი Ferrari-ს შეძენაა შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Road & Track წერს.
ლოტი წარმოდგენილი იქნება RM Sotheby’s-ის აუქციონის მიერ ორგანიზებულ RM Cavallino Palm ღონისძიებაზე. კოსტიუმი ენცო ფერარიმ 1979 წელს პირადად შეუკვეთა.
ლოტი შეკერა გაბრიელე ბერტაცონიმ – ფერარის პირადმა მკერავმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბრენდის დამფუძნებლის იმ საკულტო სტილის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ენცო სიცოცხლის ბოლო წლებში ანიჭებდა უპირატესობას.

ლოტს თან ახლავს დოკუმენტები, რომლებიც აღწერს, თუ როგორ იკერებოდა კოსტიუმები ენცოსთვის. ცნობილია, რომ ის მსგავს სამოსს 1970-იანი წლების დასაწყისიდან 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე ატარებდა.
დოკუმენტაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა ქსოვილის ნიმუშებიც, რომლებიც კოსტიუმების შესაქმნელად გამოიყენებოდა. ფერარი არჩევდა უმაღლესი ხარისხის მატყლს ისეთი მწარმოებლებისგან, როგორებიც არიან Ermenegildo Zegna და Scabal, და ოსტატურად იყენებდა ფერებსა და ორნამენტებს თავის შეკვეთებში.

აუქციონზე ასევე წარმოდგენილია ინდივიდუალურად შეკერილი Marelli-ს ტყავის ფეხსაცმელი. თითოეულ ნივთს თან ერთვის ხელმოწერილი წერილი, რომელიც ავთენტურობას ადასტურებს და ისტორიის სიზუსტეზე ყველა ეჭვს გამორიცხავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Ferrari ახალი მოდელის პრემიერისთვის ემზადება. მომავალ სუპერქარს სავარაუდოდ HC25 ერქმევა და დიდი ალბათობით, კერძო დამკვეთისთვის მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იქნება შექმნილი.
