LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზრდის ძუძუს კიბოს რისკს – ირაკლი კოხრეიძე მნიშვნელოვან ფაქტორებზე საუბრობს

4643
ალექსანდრე სანიკიძე (1)

მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ პოდკასტ Radvision-ში ძუძუს კიბოს განვითარების რისკფაქტორებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი, თამბაქო, ალკოჰოლი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და განსაკუთრებით პოსტმენოპაუზაში ჭარბი სხეულის წონა.

„გენეტიკას აღარ შევეხოთ, მაგრამ ცხოვრებისეული ფაქტორები და მავნე ჩვევები, რომლებიც მნიშვნელოვანია, არის თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ამას პოსტმენოპაუზაში აქვს. დადასტურებულია, რომ პოსტმენოპაუზაში ჭარბი BMI, ჭარბი სხეულის წონა ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

კვებითი ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს ცხიმიანი პროდუქტები და ეგრეთ წოდებული წითელი ხორცი. მისი ძალიან აქტიური მოხმარება წარმოადგენს რისკფაქტორს.

ბევრი საუბარი იყო ორალურ კონტრაცეპტივებსა და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე. ორალურ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გავლენა ძუძუს კიბოს განვითარებაზე, ან აქვთ ისეთივე გავლენა, როგორიც სხვა პრეპარატებს.

ჰორმონჩანაცვლებით თერაპიასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული მოსაზრებებია. მისი დანიშვნა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის მენოპაუზაში ქალის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალმა გაიაროს კონსულტაცია მამოლოგთან, ძუძუს სპეციალისტთან და შესწავლილი იყოს დაავადების განვითარების ინდივიდუალური რისკები.

ხომ არ არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, ხომ არ ჩაუტარებია ქალს რაიმე ტიპის მკურნალობა ძუძუს პათოლოგიის გამო, ხომ არ ჰქონია ბიოფსია სხვადასხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი დაავადების გამო და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში რეპროდუქტოლოგების, გინეკოლოგებისა და მამოლოგების კოლაბორაცია უაღრესად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ირაკლი კოხრეიძე.

კოხრეიძის განცხადებით, ყურადღებას საჭიროებს ასევე სოლარიუმის გამოყენება და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე ქალმა ინდივიდუალური რისკები მამოლოგთან უნდა შეაფასოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები