Airbus-ის ახალი შორი მანძილის ლაინერი A350-1000ULR ავიაციის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი ფრენის ავტორი გახდა. საცდელი რეისის ფარგლებში თვითმფრინავმა ავსტრალიის მელბურნიდან საფრანგეთის ქალაქ ტულუზამდე 24 საათი და 24 წუთი იფრინა, დაფარა 23 075 კილომეტრი და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ფრენა Qantas-ის Project Sunrise-ის ნაწილია, რომლის მიზანიც ავსტრალიიდან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე გრძელი პირდაპირი კომერციული რეისების დაწყებაა. საცდელი თვითმფრინავი დამატებითი 20 000 ლიტრიანი საწვავის ავზით არის აღჭურვილი, რაც მას ძალიან შორ მანძილზე გაფრენის შესაძლებლობას აძლევს.

Flightradar24-ის ინფორმაციით, რეკორდულ ფრენას რეალურ დროში 3,6 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს, რის შედეგადაც ის პლატფორმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეისი გახდა.
Qantas-ი ამ მოდელის 12 თვითმფრინავს მიიღებს. პირველი ლაინერის მიწოდება 2027 წლის აპრილში იგეგმება, ხოლო სიდნეი-ლონდონის პირველი რეგულარული უწყვეტი რეისი 2027 წლის ოქტომბერში უნდა შესრულდეს. მოგვიანებით ავიაკომპანია მსგავსი რეისების დაწყებას ნიუ-იორკის მიმართულებითაც გეგმავს.
A350-1000ULR სპეციალურად გრძელი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თვითმფრინავი 238 მგზავრზეა გათვლილი და სალონში გათვალისწინებულია როგორც პრემიუმ კლასის ადგილები, ისე სპეციალური ზონა, სადაც მგზავრებს ხანგრძლივი ფრენის დროს გაწელვების და მსუბუქი ვარჯიშის შესრულება შეეძლებათ.
