LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz გერმანიაში წარმოებას ამცირებს და ქარხნების ნაწილის საზღვარგარეთ გადატანას გეგმავს

115
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Mercedes-Benz-ი გერმანიაში წარმოების მოცულობის შემცირებასა და საწარმოო სიმძლავრეების ნაწილის უცხოეთში გადატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი გერმანიაში მაღალი საწარმოო ხარჯებია, რის გამოც კონცერნი შემოსავლების დაზოგვის ახალ პროგრამას ამზადებს.

ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში Mercedes-Benz-ის წარმოების დირექტორმა, მიხაელ შიბემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია ცდილობს, გერმანიის ქარხნების თანამშრომლებმა კვირაში მეტი საათი იმუშაონ დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

შიბეს განცხადებით, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საწარმოო სიმძლავრეების იმ ქვეყნებში გადატანა, სადაც შრომითი ხარჯები შედარებით დაბალია.

მაგალითად მან უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში მდებარე Mercedes-Benz-ის ქარხანა მოიყვანა. დირექტორის თქმით, იქ თანამშრომლები მეტ საათს მუშაობენ, ავადმყოფობის მაჩვენებელი კი გერმანიის საწარმოებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, რამაც წარმოების ხარჯების დაახლოებით 70%-ით შემცირება  გახადა შესაძლებელი.

კომპანია ასევე განიხილავს გერმანიის ქარხნებში სამუშაო კვირის 35 საათიდან 40 საათამდე გაზრდას და კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზოგიერთი დანამატის გაუქმებას.

ამ გეგმებს უკვე დაუპირისპირდა გერმანიის მეტალურგიული ინდუსტრიის პროფკავშირი IG Metall. მიხაელ შიბეს განცხადებით, თუ კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, Mercedes-Benz-მა შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს, რაც გერმანიაში მდებარე საწარმოებს ძალიან სერიოზულად შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები