LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ბავშვებს სულ უფრო ხშირად არქმევენ კილიანს: ყველაზე პოპულარული კი მაინც ლეოა – არიან ზინედინები და ზიდანებიც

153
0b951c358382cd5e2345614017499eb8_XL

პირველი ბავშვი, რომელიც 2024 წელს ესპანეთში დაიბადა, სამყაროს ქალაქ ვიგოში მოევლინა. პატარას მამამ, როგორც ფეხბურთის მოყვარულმა, შვილს საფრანგეთის ნაკრების კაპინტის კილიან მბაპეს სახელი დაარქვა.

„სხვა სახელებსაც განვიხილავდით, მაგალითად, ენცოს, მაგრამ ყველა უკვე გაცვეთილია, ამიტომ უფრო ორიგინალური შევარჩიეთ“, – უთხრა ჟურნალისტებს ესპანელი კილიანის მამამ. რატომ გაკეთდა არჩევანი ფრანგ ვარსკვლავზე, ეს უცნობია.

მაგრამ ესპანეთში ტენდენცია იკვეთება: ყოველწლიურად სულ უფრო მეტი კილიანი იბადება.

Relevo-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ესპანეთში დაიბადა 679 კილიანი, მათგან 292 ბოლო ათწლეულში. ბოლო სამ წელიწადში კი ესპანეთში 13 კილიანით მეტი გაჩნდა, ვიდრე წინა დეკადაში ერთად აღებული.

80-იან წლებში მთელ ქვეყანაში მხოლოდ 5 ადამიანი იყო ამ სახელით, თან მათ შორის უცხოელი მოქალაქეების ბავშვებიც შედიან. რასაკვირველია, ყველა კილიანს სახელი მბაპეს გამო არ დაარქვეს, მაგრამ ფეხბურთელთან კავშირი მაინც იკვეთება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანელი კილიანების საშუალო ასაკი 4.5 წელია, ემთხვევა ფრანგი ფეხბურთელის კარიერის აღმასვლას.

ესპანეთში მთავარ საფეხბურთო სახელად კი რჩება ლიონელი და მისი შემოკლებული ვერსია ლეო. 80-იან წლებში 47 ლეო დაიბადა, ორი ათწლელის შემდეგ კი – 20 348. ლეოს სახელის პოპულარობას შემოკლებული სახელის მოდას უკავშირებენ.

მესიმ სერიოზულად გაუსწრო რონალდოს. 2010-იან წლებში ჩვილი კრიშტიანოები სამჯერ მეტი იყვნენ, ვიდრე 2000-იანებში, მაგრამ მხოლოდ 61 ბავშვი. პატარები სახელად რონალდუ, რონალდო ნაზარიო და რონალდინიო არ აღმოჩნდნენ.

სამაგიეროდ 209-ით მეტი ნეიმარი გაჩნდა, როდესაც ბრაზილიელი „ბარსელონაში“ ბურთაობდა. ასეთივე ისტორიაა ქარიმთან დაკავშირებით. ბავშვებს აქტიურად არქმევდნენ ამ სახელს, როდესაც ბენზემა „რეალში“ ბრწყინავდა.

ციხესიმაგრედ დგას სახელი ლუკა. შესაძლოა ეს სახელი მოდრიჩის პოპულარობასაც უკავშირდება, მაგრამ ლუკა ბასკური ლუკასის ანალოგია, რომელიც ყველაზე პოპულარული სახელია ადგილობრივ მოსახლეობაში.

სახელი იკერი პოპულარული გახდა, როდესაც კასილიასი „რეალში“ თამაშობდა. 90-იან წლებში დაიბადა 3 578 იკერი, 2000-იანებში მათი რიცხვი 20 ათასს მიუახლოვდა. ამავე პერიოდში გაჩნდა 28 ზინედინი და 14 ზიდანი.

დავუბრუნდეთ 2024 წელს დაბადებულ პირველ ბავშვს. მამამ ხომ თქვა ორიგინალური სახელი მინდოდაო. გამოუვიდა. მართალია, კილიანის პოპულარობა იზრდება, მაგრამ 100 000-ში მხოლოდ სამია მბაპეს სეხნია. ასე რომ, მადრიდში მაინც რთული იქნება კილიანთან შეხვედრა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები