ესპანეთში, კოსტა-ბლანკას სანაპიროზე მდებარე ყოფილი სამხედრო აეროპორტი San Javier Airport გადაიქცევა მასშტაბურ სამეცნიერო და სარეაბილიტაციო ცენტრად, რომლის მიზანიც ზღვის ეკოსისტემის აღდგენა იქნება.
პროექტი, სახელწოდებით OM², აერთიანებს კვლევას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმს. კომპლექსის ფარგლებში მეცნიერები შეისწავლიან ლაგუნის ფლორასა და ფაუნას, პარალელურად კი იშვიათი სახეობების გადარჩენასა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაზე იმუშავებენ.
ცენტრი განთავსდება 15 000 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს 21 საზღვაო აუზსა და 17 აკვარიუმს. მისი მთავარი მიზანია იმ სახეობების დაცვა, რომლებიც გადაშენების ზღვარზე არიან. მათ შორისაა Pinna nobilis – ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უდიდესი მოლუსკი, რომლის პოპულაციაც მკვეთრად შემცირდა, ასევე Aphanius iberus – იშვიათი თევზი, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს დაბინძურების მიმართ და ზღვის თევზები, რომლებიც ზღვის ბალახის ეკოსისტემაზე არიან დამოკიდებული.

ინიციატივა მხოლოდ სამეცნიერო ფუნქციით არ შემოიფარგლება. ცენტრი გახსნილი იქნება ვიზიტორებისთვისაც – შვიდი ლაბორატორიიდან ოთხი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ დააკვირდნენ კვლევით პროცესებს და გაეცნონ, როგორ მიმდინარეობს იშვიათი სახეობების რეაბილიტაცია.
გამორჩეულია ექსპოზიციის ფორმატიც: სივრცეები ისე მოეწყობა, რომ შეიქმნას წყალქვეშა სამყაროში „ჩაძირვის“ ეფექტი – დაბალი განათება და გაზრდილი ტენიანობა ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად რეალისტურად შეიგრძნონ ზღვის გარემო.
პროექტის საბოლოო მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული სახეობების გადარჩენა, არამედ ეკოლოგიური ბალანსის აღდგენაა, რაც რეგიონისთვის როგორც გარემოსდაცვით, ისე ეკონომიკურ მნიშვნელობას ატარებს.