ესპანეთში, ქალაქ გრანოლერსას მერიამ გამოაქვეყნა იმ ადგილების ინტერაქტიური რუკა , სადაც ხალხს სიგრილეში ამოსუნთქვა შეუძლია.
რუკაზე აღნიშნულია მწვანე ზონები, სადაც ჩრდილის თუ შადრევნების დამსახურებით ჰაერის ტემპერატურა ქალაქის სხვა ნაწილებთან შედარებით დაბალია.
გარდა ამისა, რუკაზე დატანილია ყველა მუნიციპალური დაწესებულება, სადაც კონდიციონერი ფუნქციონირებს და შიგნით შესვლაც ნებადართულია. ასეთი შენობების მუშაობის საათებიც სპეციალურად გაზარდეს.
ამ ზაფხულს ესპანეთი ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ სიცხეს ებრძვის. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს აჭარბებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პრობლემის გართულება კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.
გლობალური დათბობა გახდა გასულ ზამთარში მასშტაბური გვალვის მიზეზიც. წყალსაცავები დაშრა და ფერმერებს ცხოვრება ძალიან გაურთულდათ.