ევროპარლამენტის გარემოს დაცვისა და შიდა ბაზრის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ახალ რეგულაციებს, რომლებიც ავალდებულებს ავტომწარმოებლებს, შეამცირონ გარემოზე ზეგავლენა მანქანის წარმოების ყველა ეტაპზე — დიზაინიდან გადამუშავებამდე.
დასკვნითი კენჭისყრა სექტემბერში გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახმაურდება.
ინიციატივის მთავარი მიზანი — ნარჩენების შემცირება და მეორადი გადამუშავების მაჩვენებლის გაზრდაა.
ახალი რეგულაციების თანახმად, ავტომობილები ისე უნდა ააწყონ, რომ მათი ნაწილები ადვილად იხსნებოდეს, იცვლებოდეს ან გადამუშავდებოდეს.
აკრძალული იქნება პროცესის მიზანმიმართულად გართულება, მაგალითად, პროგრამული განახლებებით.
დამატებით მოთხოვნები ასეთია:
ახალ მანქანებში პლასტმასის 20% მაინც გადამუშავებული მასალა უნდა იყოს;
10 წელიწადში ეს მაჩვენებელი შეიძლება 25%-მდე გაიზარდოს;
ანალოგიური მოთხოვნები მომავალში გავრცელდება ფოლადსა და ალუმინზეც.
ავტომწარმოებლები ვალდებული იქნებიან, დააფინანსონ ძველი მანქანების გადამუშავების პროცესები.
ასევე იგეგმება მეორადი ავტომობილების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება: ექსპორტი დაშვებული იქნება მხოლოდ ტექნიკურად გამართულ მანქანებზე, ხოლო ჯართის გატანა აიკრძალება.