Artcurial-ის აუქციონზე დასრულდა 1956 წელს გამოშვებული ლეგენდარული „თოლიას ფრთის“ – Mercedes-Benz 300 SL-ის გაყიდვა, რომელსაც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ეგზემპლარად მიიჩნევენ. ვაჭრობის პროცესში ნახევრად დაჟანგებულ კუპეზე ფასმა 4 407 800 ევროს (დაახლოებით 5 245 000 დოლარს) მიაღწია. Autoevolution-ის ცნობით, ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც ოდესმე 300 SL-ში გადაუხდიათ (სპეც-ვერსიების გამოკლებით, რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო ძვირი ღირდეს).
საკოლექციო ავტომობილის ღირებულებაზე პირდაპირ იმოქმედა მისმა მდგომარეობამ: აღნიშნული 300 SL არასოდეს ყოფილა რესტავრირებული და სრულად ინარჩუნებს ქარხნულ აღჭურვილობას, მათ შორის ორიგინალურ საღებავსაც კი. კუპეზე კვლავ დამაგრებულია 1956 წელს გაცემული სანომრე ნიშანი.

რეტრო ავტომობილს სრულად დოკუმენტირებული ისტორია აქვს. ცნობილია, რომ მფლობელები მას მუზეუმის ექსპონატად ინახავდნენ და პრაქტიკულად არ იყენებდნენ. პირველ მფლობელს მანქანა 1956 წლის იანვარში გადაეცა და 70 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 34 000 კილომეტრი გაიარა.

გარდა ამისა, ეს ეგზემპლარი გამოირჩევა ძალიან იშვიათი კომპლექტაციით, რომელშიც სულ 60 ავტომობილია გამოშვებული. მას აქვს 20 ცხენის ძალით გაძლიერებული ძრავა, სპორტული ზამბარები და ამორტიზატორები, სპეციალური ბორბლები და სხვა დამატებითი ოფციები. აუქციონის ორგანიზატორების თქმით, მყიდველმა თავის დროზე შეუკვეთა ყველა შესაძლო დამატება, რომელიც იმ პერიოდში იყო ხელმისაწვდომი, მსუბუქი ალუმინის ძარის გარდა.


აღსანიშნავია, რომ ეს ფასი რეკორდული არ არის და 2024 წელს გაყიდული ანალოგიური მოდელისთვის კოლექციონერმა 9 355 000 დოლარი გადაიხადა.
