LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ცხოვრების გაძვირება კრიზისს იწვევს – შეძლებს თუ არა ევროკავშირი ფასების ზრდის შეჩერებას?

132
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ევროპაში ცხოვრების ღირებულების ზრდა კვლავ ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პრობლემად რჩება. სურსათის, ენერგიის, საცხოვრებლისა და განათლების გაძვირება სულ უფრო მეტ ოჯახს უქმნის ფინანსურ სირთულეებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მოქალაქეებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად სხვადასხვა ზომას მიმართავს, ფასების ზრდის შედეგები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

Euronews-ის ინფორმაციით, ევროზონაში ინფლაციამ 2026 წლის სექტემბერში 3,8%-ს მიაღწია, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ენერგიის ფასები – ერთი წლის განმავლობაში 18,8%-ით.

სურსათის გაძვირებაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ევროპის ცენტრალური ბანკის ანალიზის თანახმად, ევროკავშირის მომხმარებელთა 35% შიშობს, რომ საკვების შეძენა გაუჭირდება. გამოკითხულთა 74%-მა კი შეამჩნია, რომ ყოველდღიური მოხმარების ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვაში რაოდენობა შემცირდა, თუმცა ფასი იგივე დარჩა და არ შემცირებულა.

მნიშვნელოვან ფინანსურ წნეხს ქმნის საცხოვრებლის ღირებულებაც. სამშენებლო ხარჯების ზრდა და საცხოვრებელი ფართების დეფიციტი ქირასა და უძრავი ქონების ფასებზე აისახება. პორტუგალიაში სახლების ფასები ერთი წლის განმავლობაში 16,5%-ით გაიზარდა.

პრობლემები განათლების სფეროსაც შეეხო. სკოლებს საოპერაციო ხარჯების ზრდასთან გამკლავება უწევთ, ოჯახებს კი წიგნების, ტრანსპორტისა და სასწავლო ნივთების შეძენაზე მეტი თანხის დახარჯვა სჭირდებათ. ამასთან, ევროკავშირის საჯარო დანახარჯებში განათლების წილი 2019 წლის 10%-დან 2024 წელს 9,7%-მდე შემცირდა.

რას აკეთებს ევროკავშირი?

ევროკომისიამ ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული სირთულეების შესამსუბუქებლად რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა. მათ შორისაა ხელმისაწვდომი ენერგიის სამოქმედო გეგმა, ენერგეტიკის სფეროში მოქალაქეთა მხარდაჭერის პაკეტი და 86,7 მილიარდი ევროს მოცულობის სოციალური კლიმატის ფონდი, რომელიც მოწყვლადი ოჯახების დახმარებასა და ენერგეტიკული ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.

ევროკომისიამ ასევე წარადგინა ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ევროპული გეგმა, სექტემბერში კი ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა.

თუმცა, ამ ზომების მნიშვნელოვანი ნაწილი გრძელვადიან ცვლილებებზეა გათვლილი, მაშინ როდესაც ფასების ზრდა მოქალაქეებზე უკვე აისახება. შესაბამისად, კვლავ ღიად რჩება კითხვა, რამდენად საკმარისია ევროკავშირის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები და რამდენად ეფექტურად შეუძლიათ ეროვნულ მთავრობებს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები