ოქტომბრიდან ევროკავშირში ჩასული ყველა მგზავრისთვის ახალი წესები ამოქმედდება – საზღვარზე ციფრული გადამოწმების სისტემა დაინერგება. ინიციატივა მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებასა და საზღვრის კონტროლის პროცესების უფრო სწრაფად და გამჭვირვალედ წარმართვას. სიახლის შესახებ Economic Times წერს.
ახალი სისტემა, სახელწოდებით Entry/Exit System (EES), ჩაანაცვლებს პასპორტზე ბეჭდვის ტრადიციულ მეთოდს. მგზავრების მონაცემები – მათ შორის სახის ბიომეტრია და თითის ანაბეჭდები – ციფრულ ბაზაში შეინახება.
ევროკავშირის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს ინოვაცია განსაკუთრებით მათ შეეხება, ვინც ევროკავშირში შენგენის ზონის მიღმა მყოფი ქვეყნიდან შედის. ცვლილება მიზნად ისახავს როგორც უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე საკონტროლო პუნქტებში რიგების შემცირებას.
სპეციალისტების პროგნოზით, პირველ ეტაპზე მოგზაურებს შესაძლოა საზღვარზე მეტი დრო დასჭირდეთ რეგისტრაციისთვის, თუმცა შემდგომში პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება.
ახალი ციფრული კონტროლის სისტემა შეეხება ტურისტებს, ბიზნეს მოგზაურებს და ყველა იმ პიროვნებას, ვინც ევროკავშირის საზღვრებს გარედან მოდის.