ელექტროენერგიის დეფიციტი ევროპულ ავტო პარკს დიდ დარტყმას მიაყენებს, არადა ბაზარი ელექტროქარებზე გადასვლას აქტიურად ცდილობდა. შვეიცარია შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ამ ზამთარს ელექტროქარებზე შეზღუდვას დააწესებენ. თუკი კანონს მიიღებენ, „მწვანე“ ავტომობილების შვეიცარიელ მფლობელებს მხოლოდ გადაუდებელი მგზავრობის უფლება ექნებათ.
„გადაუდებელი მიზეზების“ სია საკმაოდ ფართოა: სამსახური, მაღაზია, ექიმთან ვიზიტი, სასამართლო და რელიგიური ღონისძიებები. თუმცა, სტუმრად ან რესტორანში წასვლა არ გამოვა.
პროექტის მიხედვით, აკრძალვას ელექტროენერგიის დეფიციტის მესამე დონის შემთხვევაში შემოიღებენ. თავიდან ხელისუფლება წყლის ტემპერატურას სარეცხ მანქანებში 40 გრადუსამდე შეზღუდავს, კურორტებზე საბაგიროების გათბობას გამორთავს. ამ და კიდევ სხვა აკრძალვების შემოღების შემდეგ ადგილობრივებს „ელემენტიანი“ მანქანებით გადაადგილებაც შეეზღუდებათ.
მსგავსი აკრძალვების შემოღებაზე ფიქრობენ სხვა ქვეყნებშიც – ნიდერლანდებში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნორვეგიაში.