ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი წესები, რომელიც მოიცავს ავტომობილების, სატვირთოებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების სიცოცხლის მთელ ციკლს – მათი დიზაინიდან დაწყებული, საბოლოო გადამუშავებით დასრულებული.
ახალი ტრანსპორტი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ მისი რაც შეიძლება მეტი ნაწილი იშლებოდეს მარტივად, ადვილად იცვლებოდეს და შეკეთებასაც ექვემდებარებოდეს, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს განმეორებით გამოყენება. ეს მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს მანქანის სიცოცხლეს.
წესების ამოქმედების შემდეგ, პირველი ექვსი წლის განმავლობაში, ყველა ახალი ავტომობილის, სატვირთოსა და სხვა სატრანსპორტო საშუალების პლასტმასის ნაწილების არანაკლებ 20% გადამუშავებადი უნდა იყოს. შემდეგ ეტაპზე მწარმოებლებს მინიმუმ 25%-იანი მაჩვენებლის დაფიქსირება მოუწევთ.
ახალი რეგულაციები ამკაცრებს მეორადი ავტომობილების გადამუშავების წესებს. სამი წლის შემდეგ მათი ამოქმედებიდან, მწარმოებლებს დაეკისრებათ ვალდებულება, თავად დააფინანსონ ძველი სატრანსპორტო საშუალებების შეგროვება და გადამუშავება.
წესები ძალაში ევროკავშირის საბჭოს თანხმობის შემდეგ შევა.
საინტერესოა, რომ Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის გზებზე 285.6 მილიონი ავტომობილია, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით 6.5 მილიონი გამოდის მწყობრიდან.