ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის აეროპორტი ღამის გასათენებლად ასობით უსახლკარომ აირჩია. ამის შესახებ EL Mundo წერს.
წყაროს ინფორმაციით, ესპანეთში, მადრიდის ბარახასის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 500 უსახლკარო ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი – დევნილია. ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა მიგელ ანხელ გარსია მარტინმა აეროპორტის წარმომადგენლები ძალიან გააკრიტიკა იმის გამო, რომ ავიაბაზაში კონტროლი დაგვიანებით გაამკაცრეს.
„არავის ესმის, რომ აეროპორტი – საცხოვრებლად საუკეთესო ადგილია ამ ადამიანებისთვის. თუმცა, ეს არ არის საუკეთესო იმიჯი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნდა ქმნიდეს“, – დააზუსტა გარსია მარტინმა. ამასობაში ტურისტები მასობრივად ავრცელებენ ფოტო და ვიდეო მასალას აეროპორტში მშვიდად წამოწოლილი უსახლკაროების, ხოლო თავად ავიაბაზის თანამშრომლები მწერების შემოსევის გამო ჩივიან.
საჩივრების ფონზე, 33 უსახლკარო უკვე გაასახლეს, 21 მაისის საღამოდან კი ბარახასის ღამით ხელმისაწვდომობა შეზღუდეს. 21:00 საათიდან – დილის 5:00 საათამდე შესვლის ნებას დართავენ მხოლოდ მგზავრებს, თანმხლებ პირებს და პერსონალს.