LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari 296 GTB-ის ყველაზე ექსტრემალურ ვერსიას ამზადებს

104
1428x1428

კომპანია Ferrari-მ ტესტებზე გამოიყვანა ახალი სუპერქარის პროტოტიპი, რომელიც მასიური უკანა ნაწილით გამოირჩევა. გამოცემა Motor1, რომელმაც შენიღბული ავტომობილის პაპარაცული ფოტოები გაავრცელა, ვარაუდობს, რომ მარანელოში ამზადებენ მოდელის – Ferrari 296 GTB-ის ყველაზე ხისტ, ტრეკზე ორიენტირებულ ვერსიას. სავარაუდო სახელწოდება იქნება 296 GTB Challenge Stradale.

პროტოტიპი ვიზუალურად ტრეკის ავტომობილს ჰგავს, თუმცა საჯარო გზებისთვისაა განკუთვნილი – ამას ადასტურებს კარგად ხილული სანომრე ნიშანი და ის ფაქტი, რომ ფოტოები ჩვეულებრივ გზაზეა გადაღებული. ახალ მოდელს უკვე არსებული 296 GTB-ის ვერსიებისგან არა მხოლოდ ანტიფრთა, არამედ შეცვლილი აეროდინამიკური ელემენტებიც გამოარჩევს.

გამოცემის ვარაუდით, Challenge Stradale განსხვავებულ ძალოვან აგრეგატსაც მიიღებს. თუ სტანდარტული 296 GTB 3.0 ლიტრიან V6-სა და ელექტროძრავს აერთიანებს და ჯამში 880 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ექსტრემალური ვერსია შესაძლოა ჰიბრიდული სისტემის გარეშე დარჩეს – წონის შესამცირებლად. ტრეკისთვის განკუთვნილ მოდიფიკაციაზე იგივე ძრავა 690 ცხენის ძალასა და 740 ნმ ბრუნვის მომენტს ავითარებს. სავარაუდოა, რომ საგზაო ვერსიაც მსგავსი მაჩვენებლებით შემოიფარგლება.

ვარაუდობენ, რომ წარმოება მკაცრად შეზღუდული ტირაჟით განხორციელდება, ხოლო ფასი 500 000 დოლარს გადააჭარბებს. ოფიციალური პრემიერა 2026 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გაზაფხულზე 296 GTB-ს „დამუხტული“ ვერსია Speciale შეემატა, რომელმაც გაზრდილი სიმძლავრე და 60 კილოგრამით შემცირებული წონა მიიღო, ხოლო ზაფხულში გამოვიდა მისი ლიმიტირებული შესრულება Piloti Ferrari.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები