ბორჯღალოსნებმა ფიჯის სუვაში გამართული მატჩის პირველი ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფმა მასპინძლებმა, მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 37:15 იმარჯვეს.
ეს იყო 2018 წლის „წყნარი ოკეანის თასის“ ფინალური შეხვედრა, რომლის გამარჯვებული თასს ეუფლებოდა და მასპინძლებმა ამ გამარჯვებით ტიტული ზედიზედ მეოთხედ დაისაკუთრეს.
უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე, ვარსკვლავებით დახუნძლულ მეტოქეს 2012 წლიდან მესამედ ვეთამაშეთ და პირველად გავუტანეთ ორი ლელო, თუმცა ურთიერთშეხვედრების ბალანსში 1-2 ჩამოვრჩით. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი ერთი წლის შემდეგ გვექნება, როდესაც ფიჯის 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში, ოსაკაში 3 ოქტომბერს შევხვდებით.
საქართველოს ნაკრებმა პირველი 40 წუთი კარგად ჩაატარა, მეტოქეს გასაქანი არ მისცა, მე-10 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და სოსო მათიაშვილმა ანგარიში გახსნა. მომდევნო 5 წუთში ორი შეცდომა დავუშვით, რითაც კარგად ისარგებლა ჰენრი სენილოლიმ და ორი ლელო გაიტანა, თუმცა ბორჯღალოსნები არ გატყდნენ და მასპინძლებს სწრაფად უპასუხეს.
რადგან მათიაშვილს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, 23-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ ბურთი აუტში ძალიან კარგად გადაიტანა, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი ავაგორეთ და ვიტო კოლელიშვილის ლელო მათიაშვილმა გარდასახა. მალაღურაძემ აუტში კიდევ ორჯერ კარგად დაარტყა, თუმცა მოლის დაყენება ვეღარ მოხერხდა და ტაიმის ბოლოს საქართველომ სხვა ხერხს მიმართა. ბურთზე კონტროლის დამყარებისა და ტემპის მომატების შემდეგ, მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა, ლაშა ხმალაძემ კარის წინ 22-მეტრიანთან გაჭრა ხაზი, გრძელი პასით გარღვევაზე სანდრო თოდუა გაიყვანა და მან ფიჯის მეორე ლელო გაუტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 15:10 მოვიგეთ.
მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ 48-ე წუთზე ამ მატჩში მეორედ დავთმეთ ჩვენი შერკინება, ფიჯიმ ჯარიმის ნაცვლად შერკინება აიღო და ცენტრმა ვატუმბუამ პირველი დარტყმით დაცვა გაარღვია. მასპინძლებმა გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნეს და მალე უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს.
ბორჯღალოსნებმა თამაშის აჩქარება სცადეს და ცოტა ხნით ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ დასკვნით 20 წუთში დაღლილობამ იჩინა თავი და კიდევ სამი ლელო გავუშვით. პირველ ჯერზე ნანდოლოს შეჩერებას სამი მცველი დაჭირდა და შეცვლაზე შესული ლომანი ვეღარავინ დაიჭირა. 78-ე წუთზე ლომანიმ სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი ნანგუსასთან გაითამაშა და დუბლი შასრულა, ხოლო გაწითლებულ დროზე სემი რანდრანდრამ სანაკრებო დებიუტი ლელოთი აღნიშნა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 37:15.
„წყნარი ოკეანის თასის“ მეორე რაუნდის მეორე მატჩში, ერთი კვირის წინ საქართველოსგან ძლეულმა ტონგამ სამოას 28:18 აჯობა.
რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, ისინი ფიჯიდან იაპონიაში გადაინაცვლებენ და 23 ივნისს მასპინძელ იაპონიასთან ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა ტოიოტაში, ჩვენი დროით 9:45 საათზე დაიწყება.
საქართველო 15:37 ფიჯი
საქ [0ქ] მათიაშვილი მჭედლიძე (კვირიკაშვილი 68) კაჭარავა მალაღურაძე (კვესელაძე 66) თოდუა <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 55) / ასიეშვილი (ჟვანია 55) მამუკაშვილი (ჭყოიძე 71) ჩილაჩავა (მელიქიძე 41) ნემსაძე^კაპ მიქაუტაძე (ჭეიშვილი 52) ცუცქირიძე კოლელიშვილი გიორგაძე (სუთიაშვილი 50) – 2ლ: კოლელიშვილი თოდუა; გ ჯ: მათიაშვილი