მექსიკაში ძაღლმა სახელად ელ პალომომ დაკარგული პატრონი ერთი კვირის შემდეგ იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. ემოციურ ისტორიას The New York Post ავრცელებს.
84 წლის გრეგორიო რომერო 27 ნოემბერს დაიკარგა. მამაკაცი სასეირნოდ გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. მოხუცის ოჯახი მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ ეძებდა, იმ მოტივით რომ გრეგორიო სხვა სოფლებში ხშირად მიდიოდა ხოლმე. თუმცა, მოგვიანებით რომეროს ძმისშვილმა პოლიციას მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ შესაძლოა კაცი დაკარგულიყო, რადგან მეხსიერების პრობლემები აწუხებდა.
შემდგომი დღეების განმავლობაში რომეროს ყველგან ეძებდნენ, საქმეში ჩართეს მეძებარი ძაღლებიც, თუმცა უშედეგოდ. ამასობაში ოჯახს მამაკაცის ერთგული ძაღლი გაახსენდა და დასახმარებლად ისიც წაიყვანეს. ცუგამ დაკარგული პატრონი მალევე იპოვა და მასთან პოლიცია მიიყვანა. დაზარალებული სახლიდან 3 კილომეტრის მოშორებით ნახეს.
გამოფიტული რომერო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთგული მეგობარი მას კარებთან ელოდა. მამაკაცი მალევე მომჯობინდა და ოჯახს დაუბრუნდა.