კომპანიებმა Porsche-მა და ავსტრიულმა გემთმშენებლმა ფირმამ Frauscher-მა დიუსელდორფში წარმოადგინეს მათი ახალი ერთობლივი პროექტი – სუპერ იახტა 790 Spectre, რომელიც ელექტრული Porsche Macan-ის ძალოვანი დანადგარით არის აღჭურვილი. პრემიერის მხარდასაჭერად Porsche-ს დიზაინერებმა შექმნეს კონცეპტუალური Macan Turbo Lago – კროსოვერი, რომელიც სრულად იმავე სტილშია გაფორმებული, როგორც კატერი. 790 Spectre-ზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა „წყვილი“ კროსოვერის სერიულ წარმოებას Porsche არ გეგმავს.
790 Spectre არ არის პირველი Frauscher-ის კატერი Porsche-ს ტექნოლოგიებით, თუმცა ის უფრო კომპაქტური, მსუბუქი და მანევრულია წინა მოდელებთან შედარებით. მისი კორპუსი დაპროექტებულია ელექტრული Macan-ის აგრეგატებზე – 100 კილოვატსაათიანი ელემენტისა და 544 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავის გარშემო. კატერის სიგრძე 8 მეტრს არ აღემატება.

როგორც 790 Spectre, ისე კონცეპტუალური Macan შეღებილია ერთსა და იმავე ფერში – Darkteal Metallic და ორივეს ერთნაირი დეკორატიული ელემენტები აქვს კორპუსზე. კატერი აღჭურვილია Porsche-ს საჭითა და ინსტრუმენტებით, ხოლო კროსოვერში სალონის ტრადიციული ქრონომეტრი კომპასით არის შეცვლილი. იახტის გემბანი ბუნებრივი ხით არის მოპირკეთებული, ხოლო Macan-ზე მსგავსი დეკორი გამოყენებულია ორივე საბარგულში. გარდა ამისა, როგორც წყალზე, ისე ხმელეთზე განკუთვნილ ელექტრო მოდელებს ერთნაირი დიზაინის სავარძლები აქვთ.