მიხაელ შუმახერის ბოლიდი, რომლითაც მან უნგრეთისა და მონაკოს გრან-პრი მოიგო და „ფორმულა-1“-ის ჩემპიონი გახდა, აუქციონზე რეკორდულ 15,98 მილიონ ევროდ გაიყიდა. საინტერესოა, რომ ეს არის ასევე ბოლო ბოლიდი, რომლითაც პილოტმა მონაკოს რბოლის მოგება შეძლო.
Ferrari F2001-ის გაყიდვა თავის თავზე Sotheby’s აუქციონის სახლმა აიღო. ლოტისთვის ავტომოყვარულთა და კოლექციონერთა შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ გაიმარჯვა ადამიანმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
Ferrari F2001 გახდა შუმახერის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც კი დღემდე გაყიდულა. გაყიდვამდე ავტომობილმა სრული ტექნიკური შემოწმება გაიარა და მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად სპორტქარისთვის საწვავის ახალი ავზები შეუკვეთეს, მათი ღირებულებაც ახალმა მეპატრონემ დაფარა.
შეგახსენებთ, რომ შუმახერი „ფორმულა-1“-ის შვიდგზის გამარჯვებულია.




