13 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე გახლდათ, რომელმაც თავის კარიერაზე ისაუბრა.
-გიორგი, როგორია შენი დილა და როდის იწყება შენი დღე, გიყვარს დილით ძილი?
-მოგატყუებ თუ ვიტყვი, რომ ძილი არ მიყვარს, მაგრამ იმდენად გიჟური რეჟიმი გვაქვს, რომ ხშირად ძილს ვერ ვახერხებ. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ვცდილობ, ღამე მაინც დავიძინო ადრე, რადგან ყოველდღე ისე ადრე ვდგები, რომ გათენებულიც არ არის ხოლმე. შაბათ-კვირის გარდა ასეთ რეჟიმში ვარ. დილით ადრე ადგომა მაინც სხვანაირია, შენთან ერთად იღვიძებს ბუნებაც და თითქოს უფრო პროდუქტიული ხარ დღის განმავლობაში. ძილი ვის არ უყვარს, მაგრამ ბევრი დადებითი აქვს დილით ადრე ადგომას, ყველაფერი შეჩვევაზეა.
-პატარა ნენე გაცდის დილით ძილს?
-ფოტოებზე რომ მიწერენ, როგორი საყვარელი ბავშვიაო, ვეუბნები, ღამე თქვენთან გამოვუშვებ-მეთქი, რადგან არ გვაძინებს. (იცინის)
-შეთავსებული გაქვს მომღერლობა, მსახიობობა და ტელეწამყვანობა. როგორ შეაფასებდი შენს პროფესიულ გზას?
-ზოგადად ერთ ადგილას არ ვჩერდები, რაღაც სიახლეებს და გამოწვევებს ვთავაზობ ხოლმე ჩემს თავს და ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი პროფესია მსახიობობაა. მე არც ვამბობ, რომ მომღერალი ვარ, უბრალოდ, ძალიან მიყვარს სიმღერა. თეატრის მეშვეობით ვამბობდი და დღესაც ვამბობ ჩემს სათქმელს, სიმღერითაც ასევე გამოვხატავ იმას, რისი თქმაც მინდა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ანალოგიური პლატფორმა არის ტელევიზიაც, რადგან მეძლევა შესაძლებლობა ვისაუბრო ისეთ პრობლემებზე, რაზეც მინდა საუბარი და ჩემს აზრს და დამოკიდებულებას ვუზიარებ მათ, ვისაც აინტერესებთ.
-როგორ ახერხებ ამდენი სამსახურის შეთავსებას, რამდენად რთულია?
-ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია, რადგან ეს დრო არ დაბრუნდება, ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ ამას, დრომ და გამოცდილებამ დამაფიქრა ამაზე და რეალურად მართლა ასეა. ყოველდღე უნდა ვეცადოთ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენთვის, გარშემო მყოფებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ, ყოველი დღე განსხვავებული იყოს. ვატყობ, რომ თუ პოზიტიურად და დადებითად დაღლილი არ ვარ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ დღეს განსაკუთრებული არაფერი გაგიკეთებია.