LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფუტსალის საქართველო ძირითად ეტაპზე გავიდა

25

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა უპირატესობის მოპოვება მატჩის საწყის წუთებშივე მოახერხა. მე-2 წუთზე ანგარიში ირაკლი თოდუამ გახსნა, მე-8 და მე-9 წუთებზე კი, არჩილ სებისკვერაძემ დუბლი გაიფორმა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა, 3:0 საქართველოს სასარგებლოდ.

შვეიცარიელებმა მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე მოახერხეს სხვაობის მინიმუმადე შემცირება. ზვიად კუპატაძის კარი ჯერ სანტონამ, შემდეგ კი, ფაკინეტიმ აიღო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მობილიზება შეძლო და უპირატესობაც დაიბრუნა. 28-ე წუთზე მეტოქეს შოთა ჭანუყვაძემ გაუტანა, 29-ეზე კი, შოთა თოფურიამ. შვეიცარიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ გატანა 33-ე წუთზე შეძლო, გოლით კვლავ ფაკინეტი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში კი, 36-ე წუთზე დაიფიქსირდა, ჩვენი გუნდის მეკარემ ზვიად კუპატაძემ კვლავ საკუთარი საჯარიმოდან მოახერხა მეტოქის კარის აღება და საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გოლი გაიტანა.

ფუტსალის ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, 9 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის მატჩები 3-12 აპრილს გაიმართება, ჩვენს ჯგუფს მინსკი უმასპინძლებს, მეტოქეები კი, ბელარუსის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები იქნებიან. აღნიშნული რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას 7 პირველადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, 7 მეორეადგილოსანი და 1 საუკეთესო მესამე ადგილოსანი კი, პლეი-ოფში ჩაერთვებიან და ამ გზით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. პლეი-ოფის მატჩები 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები