თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორი უნდა იყოს თბილისში რკინიგზა და უნდა იყოს თუ არა ის შემოვლითი, კვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აღნიშნული კვლევა ”საქართველოს რკინიგზამ” უნდა ჩაატაროს.
„საუბარი იყო რამდენიმე მიმართულებაზე. კერძოდ, მთლიანად უნდა გადავიდეს თუ არა ქალაქიდან რკინიგზა როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ნაწილი, თუ უნდა დარჩეს სამგზავრო და გადავიდეს მხოლოდ სატვირთო. მგონია, რომ ამას სჭირდება კვლევა და კვლევის შედეგად უნდა გვქონდეს პასუხი, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს. კვლევა უნდა ჩაატაროს რკინიგზამ და არა მერიამ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქიდან რკინიგზა უნდა გავიდეს და მის ადგილზე მაგისტრალი უნდა გაკეთდეს.
როგორც გენგეგმის ავტორები აღნიშნავენ, თბილისში არსებული რკინიგზის მაგისტრალი ართულებს შიდასაქალაქო განივ კავშირებს. მათივე განცხადებით, შეჩერებული სამუშაოების გაგრძელებისა და რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, დედაქალაქში სატრანზიტო მოძრაობა შემცირდება, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და გამოთავისუფლებული ტერიტორია უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული.
გენგეგმის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, რკინიგზის მეურნეობისგან გამოთავისუფლებული 72 ჰა ფართობის ტერიტორიის განვითარებითი ფუნქციური მიმართულებები პროცენტულად ასეა გადანაწილებული: სატრანსპორტო 15-20%, სარეკრეაციო/გამწვანება 60 -70%, სხვა 10-25%”, – წერია დოკუმენტში.
თუმცა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გენგეგმის შენიშვნების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რკინიგზის საკითხზე შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა, აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ რკინიგზის სამგზავრო ხაზის გაუქმების შეფასება ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას. ასევე, რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.
მერიის განცხადებით, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის საკითხისათვის საჭრო კვლევები არ არის ჩატარებული. მოყვანილი არგუმენტები არის ცალმხრივი – რკინიგზის არსებობის მხოლოდ უარყოფითი მხარეები და გადატანის დადებითი მხარეები. როგორც შენიშვნების დოკუმენტშია აღნიშნული, რკინიგზის სამგზავრო დერეფნის არალერევანტურობის შეფასება არის დაუსაბუთებელი.