ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები.
მემორანდუმის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად 27,000,000 ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს.
გარდა ამისა, თბილისის მერია მიიღებს გრანტს, 7,000,000 ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის (E5P) მიერ. (E5P) მრავალდონორიანი ფონდია, რომელსაც EBRD მართავს.
პარალელურად, აღნიშნულ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ქ.ლონდონში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
ფინასთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესებას.