LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებმა საყვარელი ავტობუსის მძღოლები აირჩიეს

108
565121545_1121816640150938_3166274140796639420_n

გერმანიაში 100 ათასი ავტობუსის მძღოლი მუშაობს და ისინი რეისებს ყოველდღიურად ასრულებენ. თუმცა, საპატიო წოდება „2025 წლის საყვარელი მძღოლი“ სამმა მათგანმა მიიღო, წერს Busplaner.

მგზავრებს შეეძლოთ სპეციალური ვებსაიტის გამოყენებით, პირადი ისტორიების წარდგენით, საყვარელი მძღოლი დაესახელებინათ. სკოლის მოსწავლეებს კი ნახატების გაგზავნა შეეძლოთ. შედეგად ორი ათასზე მეტი შთამბეჭდავი და უნიკალური ისტორია შეგროვდა.

ნომინაციაში „დღის გმირი“ გამარჯვებული გახდა შტეფან შოლცი. ჩეხეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ხემნიცის მკვიდრი ყოველ შობას მგზავრებს სანტა-კლაუსის კოსტიუმში ჩაცმული ემსახურება. თავიდან ის არ აპირებდა ყოველ წელს ასე გამოწყობას, თუმცა ხალხმა ისე აიტაცა იდეა, რომ ტრადიციად იქცა. შტეფანი სადღესასწაულოდ ავტობუსსაც შესაბამისად აფორმებს, ბავშვებს ზღაპრებს უყვება და პატარ-პატარა საჩუქრებსაც ურიგებს. როგორც მგზავრები ამბობენ, მათ შესაძლოა არც ისე სასიამოვნო დღე ჰქონდეთ, მაგრამ როცა შოლცთან ერთად მგზავრობენ თავს ნამდვილად ბედნიერად გრძნობენ.

ბერლინელი მძღოლი სენერ პისკინი პრემიით „უნიკალური საქციელი“ დააჯილდოვეს. როგორც ერთ-ერთი მგზავრი იხსენებს, გაჩერებისკენ მიმავალს უცხო მამაკაცი აედევნა. მდევარს ქალთან ერთად ავტობუსში უნდოდა ჩაჯდომა, რათა მისი მისამართი გაეგო, თუმცა მძღოლმა ამის საშუალება არ მისცა. სახლთან მიყვანის შემდეგ კი სენერი მანამ იდგა გაჩერებაზე, სანამ არ დარწმუნდა, რომ ქალი სახლში უსაფრთხოდ შევიდა.

კატეგორიაში „სკოლის ტრანსპორტი“ ანდრეას ბლოკმა გაიმარჯვა. ბლოკი უკვე 40 წელია ერთ-ერთ რეგიონში მუშაობს და მის ხელში სოფლის არაერთ თაობას გაუვლია. როგორც მისი მგზავრები ამბობენ, მძღოლმა ზუსტად იცის თუ სად ცხოვრობს თითოეული ბავშვი, როდის ამთავრებს სკოლას და თუ სად უნდა დახვდნენ მას. თუ მშობლები აგვიანებენ, ის მათ დაელოდება, რათა დარწმუნდეს, რომ ბავშვი სახლამდე უვნებლად მივა. ანდრეასზე ყოველთვის შეიძლება დაყრდნობა, ამბობენ მისი მეზობლები.

კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისტორიები და ფოტოები, რომლებიც გერმანიის ყველა კუთხიდან იგზავნება, ავტობუსის მძღოლების შრომის მიმართ უზარმაზარ პატივს გამოხატავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები