გერმანიის ბავარიის რეგიონში უჩვეულო და სახალისო ინციდენტი მოხდა – პატარა ქალაქ ბურგსინში დაახლოებით 50 ცხვარი ფარას მოშორდა და Penny-ს ქსელის სუპერმარკეტში შეიჭრა.
თვითმხილველების თქმით, ცხვრები მაღაზიაში სრულიად მშვიდად გადაადგილდებოდნენ, სალაროებთან კი ნამდვილი „ჭყლეტაც“ მოაწყვეს. მოულოდნელმა სტუმრებმა სუპერმარკეტში დაახლოებით 20 წუთი გაატარეს, სანამ ისინი თანამშრომლებისა და მწყემსის დახმარებით გარეთ არ გამოიყვანეს.
ინციდენტის შემდეგ მაღაზიის პერსონალს ტერიტორიის საფუძვლიანი დასუფთავება მოუწია. მიუხედავად შექმნილი არეულობისა, Penny-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას არ აქვს განზრახვა, მწყემსს რაიმე სახის პრეტენზია წაუყენოს.
მედიის ინფორმაციით, ცხვრები ფარას გადაადგილებისას დროებით ჩამოშორდნენ და სავარაუდოდ, მაღანზიის ღია შესასვლელმა ან საკვების სუნმა მიიზიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ინციდენტმა კი სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი დღე სუპერმარკეტში – მოულოდნელად ვირუსულ ისტორიად გადაიქცეს.