გერმანიაში, ბავარიის რეგიონში სულ უფრო პოპულარული ხდება ინიციატივა, რომელიც ქალაქებში ბალახის საკრეჭი მანქანების აკრძალვას ითხოვს. პეტიციას უკვე 160 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ინიციატივის მიზეზი ის არის, რომ ასეთი მოწყობილობები ხშირად იწვევენ ზღარბების დაღუპვას. ბუნებაში ზღარბები საფრთხის დროს თავს ეკლების საშუალებით იცავენ და გორგლად იკეცებიან, თუმცა სხვადასხვა ტექნიკის წინააღმდეგ ეს მექანიზმი არ მუშაობს. რადგან მოწყობილობების უმეტესობა ავტომატურია, ადამიანი ვერ ამჩნევს ცხოველს და ვერ ახერხებს მის გადარჩენას.
ცხოველთა თავშესაფრების მოხალისეების თქმით, სულ უფრო ხშირად მიჰყავთ მათთან მძიმედ დაზიანებული ზღარბები, რომელთა გადარჩენასაც ვეღარ ახერხებენ.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ მინიმუმ ღამის საათებში აიკრძალოს ასეთი მოწყობილობების გამოყენება – ისინი უნდა ითიშებოდეს მზის ჩასვლამდე 30 წუთით ადრე და ირთვებოდეს მხოლოდ მზის ამოსვლიდან 30 წუთის შემდეგ. სწორედ ღამით არიან ზღარბები ყველაზე აქტიურები.
ასევე, ინიციატორები მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. ფოთლების საწმენდ ჰაერის აპარატებზე (blower), რადგან ისინი ანადგურებენ ცხოველების ბუნებრივ თავშესაფრებს და ართმევენ მათ ზამთარში გადარჩენის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად გზებზე ავტომობილების გამოც მილიონამდე ზღარბი იღუპება.