გერმანიაში შესაძლოა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ იმ ბიზნესის მფლობელებს დაეკისროთ, რომლებიც თანამშრომლების შრომით უფლებებს არღვევენ, არამედ იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეგნებულად სარგებლობენ ასეთი მომსახურებით.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუ კლიენტი აშკარად ამჩნევს, რომ მომსახურება საეჭვოდ იაფია ან სალონი არასტანდარტულ საათებში მუშაობს, თუმცა მაინც აგრძელებს მისი მომსახურებით სარგებლობას, მას შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ინიციატივის ავტორები მაგალითად მანიკიურის სალონებს ასახელებენ. მათი განმარტებით, გერმანიაში სტანდარტული მანიკიურის ღირებულება, როგორც წესი, 20-დან 40 ევრომდე მერყეობს. თუ მომსახურება ამაზე მნიშვნელოვნად იაფია, ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ თანამშრომლები არასათანადო პირობებში მუშაობენ – არ აქვთ სოციალური გარანტიები, იღებენ დაბალ ანაზღაურებას ან უწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა.

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ასეთი მომსახურების გამოყენებით მომხმარებელიც ხელს უწყობს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მოთხოვნას ქმნის იმ ბიზნესისთვის, რომელიც თანამშრომლების უფლებებს უგულებელყოფს.
გერმანიის პარლამენტში აცხადებენ, რომ ინიციატივას მხარდაჭერა აქვს. თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ახალი წესები ძალაში მიმდინარე წლის განმავლობაში შევა.