Mazda-მ დააპატენტა ტექნოლოგია , რომელიც მძღოლს საჭის სწორად და უსაფრთხოდ მორგებაში დაეხმარება. სისტემის პრინციპი აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისის (USPTO) მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღწერილი. სიახლეს ყურადღება CarBuzz-მა მიაქცია.
ტექნოლოგიის მთავარი იდეა ციფრულ საინფორმაციო პანელზე სპეციალური გრაფიკული მინიშნებების გამოსახვაა. მძღოლი ამ ხაზებს საჭის რგოლის შიდა სივრცეში დაინახავს. საჭის სიმაღლისა და საკუთარ თავთან მიმართებით მისი პოზიციის სწორად დასაყენებლად საჭიროა, რომ ეკრანზე გამოსახული ხაზები საჭის რგოლის შიდა კონტურს დაემთხვეს.
სისტემა ასევე მძღოლს ხელების სწორად განთავსებაში ეხმარება. პატენტში აღწერილი ხაზები ჰორიზონტალურ ღერძთან დაახლოებით 30 გრადუსის კუთხეს ქმნის, რაც ხელების „10-ისა და 2-ის“ პოზიციაზე განთავსების ორიენტირად არის წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ხაზების ზედა ნაწილის შევიწროება მძღოლის მზერას წინ, გზისკენ მიმართავს. მათი ფერის დინამიკურმა ცვლილებამ კი შესაძლოა ავტომობილის სხვადასხვა სისტემის სტატუსის შესახებ მიანიშნოს ან საფრთხის შემთხვევაში გააფრთხილოს.

Mazda-ს ტექნოლოგიის ერთ-ერთი საინტერესო თავისებურება ის არის, რომ მისი დანერგვა ავტომობილის დამატებით ტექნიკურ გადაკეთებას არ საჭიროებს. ფუნქციის დამატება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით იქნება შესაძლებელი, თუმცა ავტომობილი მძღოლის თვალთვალისთვის სალონის კამერით უნდა იყოს აღჭურვილი.
მსგავსი მიმართულება Mazda-ს ავტომობილებში უკვე გამოიყენება. კომპანიის ზოგიერთ მოდელში Driver Personalization System-ს შეუძლია მძღოლის სიმაღლისა და სალონის კამერის მიერ სახის მდებარეობის მიხედვით სავარძლის, საჭის, გარე სარკეებისა და სხვა ელემენტების პოზიციის ავტომატურად მორგება.