LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღებინება და დიარეა ზაფხულში – პედიატრი თამარ მეტრეველი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ ამ დროს – გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

534
თამარ-მეტრეველი

„რა ძირითადი ინფექციები არის გავრცელებული ზაფხულის პერიოდში, როგორია პირველადი დახმარება ღებინების და დიარეის დროს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, როგორ განვასხვაოთ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ერთმანეთისგან, როგორ გავუჯანსაღოთ ბავშვს იმუნიტეტი“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ სამედიცინო ცენტრის „ციტო“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა – თამარ მეტრეველმა ისაუბრა.

თამარ, ზაფხულის პერიოდში, უკანა ფონზე გადადის ვირუსული ინფექციები, თუმცა თავს იჩენს მთელი რიგი სხვა პრობლემები… რატომ არის ზაფხულის პერიოდი სენსიტიური ბავშვებისთვის, რა არის მთავარი გამოწვევა, ყველაზე ხშირად რა მიზეზით არის მომართვიანობა?

სწორად აღნიშნეთ, ზაფხულის პერიოდში, ცოტა უკან იხევს რესპირაციული, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები. ზაფხულის პერიოდში, ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები, საკვებისმიერი მოწამვლა, ასევე გავრცელებულია ზაფხულთან ასოცირებული სხვა მდგომარეობები, მაგალითად, სითბური დაკვრა, დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება. რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში, უპირატესად ისეთი პრობლემებით მოგვმართავენ, როგორიცაა ღებინება, დიარეა, კვებითი ინტოქსიკაცია და მათ მიერ გამოწვეული სხვადასხვა ჩივილები.

დიარეას და ღებინებას, ხშირად თან ახლავს ცხელებაც, შესაბამისად, საზოგადოებისთვის რთულია, პრობლემის გამომწვევი მიზეზის გამიჯვნა, ეს არის ვირუსული ინფექცია, ჭუჭყიანი ხელების შედეგად განვითარებული ინფექცია თუ ზღვის წყლის გადაყლაპვით გამოწვეული პრობლემა. თქვენი დაკვირვებით, ამ სამი მიზეზიდან, რომელია წამყვანი?

დიარეის და ღებინების გამომწვევი ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს, ინფექციური პათოლოგიები და საკვებისმიერი ინტოქსიკაცია.

რაც შეეხება ჭუჭყიან ხელებს, მოგეხსენებათ, ზაფხულის ცხელ სეზონზე, ბაქტერიები ადვილად მრავლდებიან, შესაბამისად, შესაძლებელია, ხელი მოვკიდოთ ისეთ ადგილს, სადაც ტოქსინი გამოიყო, შემდეგ ეს დაბინძურებული ხელი მოვკიდოთ საკვებს და ასეთნაირად ის მოხდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიწვიოს პრობლემები.

შესაძლებელია, რომ აღნიშნული პრობლემა დაიწყოს როგორც სასუნთქი გზების ინფექცია. ზაფხულის პერიოდში, ხშირად გაიგებთ, რომ ბავშვს ჰქონდა საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, სურდო და შემდეგ წამოვიდა ღებინება ან დიარეა, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილებს, ღებინებას და დიარეას უპირატესად მაინც ვირუსული ინფექციები იწვევს. შემდეგ ადგილზეა ბაქტერიული ინფექციები და კვებითი ინტოქსიკაცია და სწორედ ამ მიზეზებით არის ძირითადი მომართვიანობა.

ასე ვთქვათ მითია, რომ შეიძლება, ზღვის წყლით გავრცელდეს ინფექციები. ზღვის კურორტზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვრცელდება ინფექცია ადვილად, რომ მაღალი არის სიმჭიდროვე, ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ ზღვაზე ძირითადად გარეთ, საკვებ ობიექტებში ვიკვებებით, სადაც არ ვიცით, როგორ არის დაცული პროდუქტის შენახვის პირობები და ა.შ.

თვითონ ზღვის წყლიდან რომ წამოიღოს ადამიანმა ინფექცია, ეს ძალიან რთულია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ გადაყლაპულმა ზღვის წყალმა რაიმე ინფექცია გამოიწვიოს, რადგან ზღვა არის ძალიან დიდი და შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობით უნდა იყოს ვირუსის ან ბაქტერიის კონცენტრაცია, რომ ზღვის წყალმა ვერ გაანეიტრალოს. ტბა და დამდგარი წყალი, შესაძლებელია, რომ მარტივად გახდეს ინფექციის წყარო, განსხვავებით ზღვისგან და მდინარის წყლისგან.

ზამთრის კურორტებზეც ზუსტად იმიტომ ვრცელდება რესპირაციული ინფექციები ადვილად, რომ მაღალია სიმჭიდროვე.

ღებინების და დიარეის შემთხვევაში, როგორია პირველადი დახმარება და რა დროს არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი, რა სასიგნალო სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

დიარეის და ღებინების დროს, ჩვენი მთავარი მიზანი არის, თავიდან ავიცილოთ გაუწყლოება, რადგან ამ დროს, დიდი რაოდენობით სითხე იკარგება. ბავშვს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ შესაბამისი რაოდენობით სითხე, ელექტროლიტური ხსნარები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში და რომელიც საზაფხულო აფთიაქის აუცილებელი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტროლიტურ ხსნარს ზედ აწერია მომზადების წესი და მას სულ 2 წუთი სჭირდება. ბავშვს ელექტროლიტური ხსნარი ეტაპობრივად, მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ, შპრიცით ან პატარა კოვზით. დაიწყეთ 5-10 მლ ელექტროლიტის მიცემა ყოველ 5-10 წუთში ერთხელ, ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ დიდი რაოდენობით ელექტროლიტური ხსნარი ერთბაშად. ზოგიერთ ხსნარს ძალიან კარგი გემო აქვს, გემრიელი დასალევია და ამიტომ ბავშვებს ერთიანად უნდათ ხოლმე დალევა, თუმცა ეს რეკომენდებული არ არის, რადგან ღებინების გამო კუჭი ისედაც გაღიზიანებულია და ელექტროლიტის ერთბაშად მიცემისას, მექანიკურად ხდება კუჭის გაჭიმვა, რასაც ისევ ღებინების ეპიზოდი მოჰყვება.

თუ შუალედებში მაინც არის ღებინება, მაგრამ ბავშვი იღებს ელექტროლიტურ ხსნარს, მაშინ სანერვიულო ნაკლებად გვაქვს, რადგან ითვლება, რომ ბავშვი ირგებს ამ ელექტროლიტურ ხსნარს.

ღებინების დაწყებიდან პირველი 6 საათის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვი ელექტროლიტური ხსნარებით შევავსოთ. თუ ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე, ბუნებრივი კვება აუცილებლად გრძელდება, სხვა შემთხვევაში, ელექტროლიტური ხსნარების გარდა, სხვა სითხეების, მაგალითად, წყლის თითო-თითო ყლუპად მიღებაც შეიძლება და კარგია. აღსანიშნავია, რომ 6 თვემდე ასაკში ორალური რეჰიდრატაცია ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა სასიგნალო ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა, ღებინების და დიარეის შემთხვევაში, მაშინვე უნდა დავუკავშირდეთ პედიატრს, რადგან 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება მოხდეს გაუწყლოება. აუცილებლად აქტიურ კონტაქტზე უნდა ვიყოთ პედიატრთან და უნდა მოხდეს ბავშვის მონიტორინგი.

რაც შეეხება 6 თვიდან ზევით ასაკს, თუ ბავშვი საერთოდ ვერ იღებს ელექტროლიტურ ხსნარს, ვერ სვამს ვერცერთ ყლუპს, არის მივარდნილი, მოთენთილი, არ შემოდის კონტაქტში, აქვს მაღალი ცხელება, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევს, თუ ბავშვი ვერ იღებს სიცხის დამწევსაც კი, თუ გრძელდება დიარეა, ღებინება, თუ შეინიშნება სისხლიანი დიარეა, ასევე თუ ბავშვი ძალიან ჭირვეულობს, ტირის და ცრემლი არ მოსდის, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს ან ახლო მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომ მოხდეს ბავშვის შეფასება და მშობელს მიეცეს რეკომენდაცია, ბავშვს სჭირდება ინტრავენურად სითხით შევსება თუ უნდა გაგრძელდეს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარების მიღება.

ახსენეთ გადასხმა და როგორც წესი, მშობლებს ყველაზე მარტივ და სწრაფ გამოსავლად სწორედ გადასხმა ესახებათ, მაშინ როცა ბავშვს დიარეა და ღებინება აღენიშნება და თუ გადასხმას მაშინ გავაკეთებთ, როცა მისი არც თუ ისე დიდი აუცილებლობაა, ეს ხომ უფრო მარტივად დაგვეხმარება, რომ გამოჯანმრთელებული ბავშვი მივიღოთ?

ეს ნამდვილად უფრო სწრაფად ეხმარება მშობელს, რადგან ბავშვს უწყდება ან უმცირდება დიარეა და ღებინება, ის ადვილად ივსება სითხით, მაგრამ ზოგადად, ორგანიზმისთვის მეტად ფიზიოლოგიური და ნორმალურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვილი სითხის ხარჯზე რეჰიდრატაცია, ანუ დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება. გარდა ამისა, თუ ინტრავენური ინფუზიის აუცილებელი საჭიროება არ დგას, ამას ყოველთვის ვერიდებით, ვინაიდან ეს ბავშვისთვის საშინლად სტრესული და მტკივნეულია, ის ასოცირებული არის ნემსის გაკეთებასთან, კლინიკაში დაყოვნებასთან. კლინიკაში ყოფნას ყოველთვის აქვს თავისი უარყოფითი მხარეც, შესაძლებელია, აქ სხვა, დამატებითი ინფექცია დაერთოს ბავშვს. შესაბამისად, თუ შეგვიძლია, რომ ბავშვს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ეს მეტად ფიზიოლოგიური და ბუნებრივი გზაა და ყოველთვის უპირატესობა ენიჭება. რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე, თუ ბავშვი ვერ იღებს სარეჰიდრატაციო ხსნარს, ასეთ შემთხვევაში, ინტრავენურ ინფუზიას მივმართავთ, მაგრამ დასაწყისშივე, თავიდანვე ინფუზია გამართლებული ნამდვილად არ არის.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ვერ იღებს საკვებს?

აქაც გააჩნია ასაკს. თუ 6 თვემდე ასაკის ბავშვი, ვერ იღებს ვერანაირ კვებას, ეს ნამდვილად საყურადღებოა და შესაძლებელია, რომ ასეთ შემთხვევაში, ბავშვი სტაციონარში მოთავსდეს. ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვი თუ 6-8-10 საათის მანძილზე საკვებს არ მიიღებს, მაგრამ სითხით და ელექტროლიტური ხსნარით კარგად შეივსება, უჭმელობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სითხით შევსების შემდგომ, თუნდაც მცირე რაოდენობით მიღებული საკვები, მათთვის ენერგიის წყარო გახდება. ღებინების და დიარეის მწვავე პროცესში, უმადობა და უჭმელობა ისეთი საშიში და საყურადღებო ნამდვილად არ არის, მთავარია, რომ ბავშვი სითხით და ელექტროლიტებით შეივსოს და ჩვენი მიზანიც ეს უნდა იყოს, რომ არ მოხდეს გაუწყლოება.

რა მთავარი განსხვავებაა ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციას შორის, როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე და როგორია მისი მართვის სქემა?

ვირუსული და ბაქტერიული კუჭ-ნაწლავის ინფექცია ნამდვილად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა არის რაღაც პატარა კლინიკური ნიშნები, რითაც ვასხვავებთ, აქ დამნაშავეა ბაქტერია თუ ვირუსი. მაგალითად, ვირუსულ ინფექციას დასაწყისში უფრო მეტად ახლავს საერთო სისუსტე, ზოგადი შეუძლოდ ყოფნა, ტემპერატურის მატება, ის ყოველთვის იწყება მრავლობითი ღებინებით, რამდენიმე საათის მანძილზე, შეიძლება, 7-8-ჯერ აღებინოს პაციენტმა. შემდგომ, ის თითქოს ინაცვლებს კუჭ-ნაწლავის ქვედა ნაწილში და ამას მოჰყვება წყლისებრი დიარეა. დიარეაც ისეთი ხშირი არის ხოლმე, რომ დღის განმავლობაში, 10-12-ჯერ, შეიძლება მეტჯერაც ჰქონდეს ბავშვს ნაწლავთა მოქმედება, უხვი წყლისებრი განავლოვანი მასებით. დაახლოებით, 5-6 დღეში ეს ყველაფერი ლაგდება. ასეთ შემთხვევაშიც, ღებინება იქნება ეს თუ დიარეა, ჩვენ ეტიოლოგიურ ფაქტორს, ანუ ვირუსს არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით სიმპტომებს, ჩვენთვის მთავარია, ბავშვი სითხით დავტვირთოთ და რეჰიდრატაცია მოვახდინოთ.

რაც შეეხება ბაქტერიულ ინფექციას, ის იშვიათად იწყება ღებინებით, შეიძლება, მას საერთოდ არც ახლდეს ღებინება. მან უფრო მაღალი ცხელება იცის. უმეტესად, იწყება პირდაპირ მუცლის ტკივილით და დიარეით, რომელიც როგორც წესი, არის ლორწოვანი და შეიძლება, მშობელმა განავალში შენიშნოს სისხლი, რაც საკმაოდ ხშირად ახლავს ბაქტერიულ ინფექციებს. ბაქტერიული ინფექციები უფრო ხანგრძლივად გრძელდება, დაახლოებით, 8-10 დღე არის ხოლმე მიმდინარეობა. ამ დროს, როგორც წესი, თუმცა არა ყველა შემთხვევაში, გააჩნია გამომწვევს, ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, მაგრამ ეს აუცილებლად ინიშნება ექიმის მიერ. ასეთ დროს, სასურველია მოხდეს განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის განსაზღვრა.

მშობელმა ეჭვი უნდა მიიტანოს ბაქტერიულ ინფექციაზე, თუ დიარეა არის ლორწოვანი, თუ განავალში არის სისხლი და ამ დროს, უმჯობესია დროულად მიმართოს ექიმს, რომ მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა, თუმცა იქნება ეს ბაქტერიული ინფექცია, ვირუსული ინფექცია, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, ღებინება თუ დიარეა, ჩვენი მიზანი ერთია, როგორღაც სითხით და ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარით დავტვირთოთ პაციენტი.

რა არის ის მთავარი კვლევები, რომელთაც ზემოთ აღნიშნული სიმპტომების დადგომისთანავე აკეთებენ ხოლმე ექიმები, ანუ რა ძირითადი კვლევები ტარდება იმის განსასაზღვრად, თუ რა ტიპის ინფექციასთან გვაქვს საქმე?

რომ გითხრათ, რაიმე ისეთი ლაბორატორიული კვლევები არსებობს, რომლებიც ამ დროს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ასე არაა. როგორც წესი, ვირუსული ინფექციების დროს, შეიძლება, საერთოდ არ გავაკეთოთ კვლევა, გააჩნია სიმძიმის ხარისხს. თუ პაციენტს სტაციონარში ყოფნა ესაჭიროება, თუ უნდა ჩატარდეს ინტრავენური ინფუზია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება ელექტროლიტების განსაზღვრა, რომ შესაბამისად შევავსოთ პაციენტი.

თუ ბაქტერიულ დიარეაზე გვაქვს ეჭვი, მაშინ შეიძლება, გაკეთდეს განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომ ზუსტად ვნახოთ, რომელი ბაქტერიაა, რომ განისაზღვროს ანტიბიოტიკოგრამა, რომ მკურნალობა შესაბამისი ანტიბიოტიკით დაინიშნოს. სხვა შემთხვევაში, რომ გითხრათ, არსებობს ისეთი ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დიარეის ან ღებინების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს-მეთქი, ასეთი რეკომენდაცია არ არის.

თქვენი დაკვირვებით, ამ ტიპის სიმპტომების განვითარების დროს, ყველაზე ხშირად, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მკურნალობის დაწყებისას, სწორი მოლოდინი გვქონდეს, ანუ მაგალითად, ის რომ მკურნალობას დავიწყებთ ელექტროლიტური ხსნარებით ან პრობიოტიკით, არ ნიშნავს იმას, რომ წამლის მიცემისთანავე, ჩივილები შეწყდება. სანამ ორგანიზმში არის ვირუსი ან ბაქტერია, ეს სიმპტომები გაგრძელდება. ჩვენი მიზანი არ არის, შევაჩეროთ ღებინება ან შევაჩეროთ დიარეა, ჩვენი მიზანია, რომ ბავშვის დეჰიდრატაცია ავიცილოთ თავიდან. შესაბამისად, სწორი მოლოდინი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ხშირად არის, რომ ოღონდ, რაიმე დალიოს ბავშვმა და ასმევენ ხილის წვენებს, გაზიან სასმელებს, დიარეის დროს, მაღალი შაქრის შემცველი სითხეების მიღებას, ალბათ, სჯობს, რომ საერთოდ არაფერი მივცეთ ბავშვს, რადგან მაღალი კონცენტრაციით შაქარი მხოლოდ აუარესებს დიარეას. ხილის წვენი, შაქრიანი კომპოტები მხოლოდ და მხოლოდ გაგვიუარესებს დიარეას და მათი მიღება რეკომენდებული არ არის.

ასევე, გავრცელებულია ცენტრალური მოქმედების ანტიდიარეული ან ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება. ცენტრალური ღებინების დამთრგუნველი ან ცენტრალური დიარეის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება აუცილებლად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას და არ არის ეს მიზანშეწონილი, რადგან ისინი სხვა გენეზის დიარეის და ღებინების დროს გამოიყენება და კავშირი არ აქვს კუჭ-ნაწლავის ინფექციური ეტიოლოგიის მდგომარეობასთან, ასეთ შემთხვევაში, მათი გამოყენება არ შეიძლება, რადგან თუნდაც, იყოს ინტოქსიკაცია, ამ დროს, ორგანიზმი ცდილობს ღებინებით, დიარეით ეს ტოქსინი ორგანიზმიდან მოიშოროს და თუ ჩვენ დავთრგუნავთ ღებინებას, შევაჩერებთ დიარეას, ეს ტოქსინი ორგანიზმში შეიწოვება და ცირკულაციაში წავა. შესაბამისად, ასეთი მედიკამენტების მიღება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, სხვა ბავშვს მსგავსი ჩივილების დროს უშველა, მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ არ ვიცით, იმ კონკრეტულ ბავშვს რა სჭირდა, რა წარმოშობის დიარეა ან ღებინება ჰქონდა და რის გამო დაენიშნა ეს მედიკამენტები.

რას გვეტყვით მუცლის ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე?

ასეთ შემთხვევაში, მუცლის ტკივილი ძირითადად სპაზმით არის ხოლმე გამოწვეული, ამიტომ სპაზმის მომხსნელი მედიკამენტების გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება, გამოვიყენოთ მედიკამენტიც და არამედიკამენტური მკურნალობაც, მაგალითად, თბილი კომპრესები.

თქვენი დაკვირვებით და ასევე მსოფლიო გაიდლაინით, ზაფხულის პერიოდში, რომელი საკვები არის ყველაზე საფრთხილო, რამ შეიძლება, რომ ყველაზე სწრაფად გამოიწვიოს მოწამვლა?

დავიწყოთ ხორცით, თუ რატომ შეიძლება, გახდეს ის ინფექციის წყარო ზაფხულში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარემოს მაღალი ტემპერატურა ძალიან ხელსაყრელი პირობაა ბაქტერიების და მიკრო ორგანიზმების გასავრცელებლად და გასამრავლებლად, შესაბამისად, ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას.ზაფხულის პერიოდში, ხორცის გარეთ დატოვება არ შეიძლება, მოტანისთანავე უნდა მოხდეს მისი თერმულად კარგად დამუშავება ან ცივ გარემოში, მაცივარში, საყინულეში შენახვა. იგივე ეხება კვერცხსაც და კვერცხის შემცველ პროდუქტებსაც.

მოწამვლის ხშირი მიზეზი არის ხოლმე რძის პროდუქტებიც, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია შენახვის პირობების დაცვა. თუ სადმე მივდივართ, რძის პროდუქტები აუცილებლად პატარა მაცივარში ან სპეციალურ თერმულ ჩანთაში უნდა მოვათავსოთ, თუნდაც კონდიციონერი იყოს მანქანაში ჩართული, ეს ვერ უზრუნველყოფს იმ ტემპერატურას, რა ტემპერატურაზეც შეიძლება, რომ ხაჭო, მაწონი, არაჟანი და ა.შ. ერთი ქალაქიდან მეორეში წავიღოთ.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ხილი და ბოსტნეულიც, რომელიც არ არის კარგად გარეცხილი. პროდუქტისთვის მარტო უცებ წყლის გადავლება საკმარისი არ არის, ეს განსაკუთრებით ეხება მწვანილს და სალათის ფურცლებს. აუცილებლად დიდხანს უნდა მოხდეს მათი ცივ წყალში დატოვება და შემდეგ, გამდინარე წყლით კარგად გარეცხვა. არასათანადოდ გარეცხილი ხილ-ბოსტნეული ძალიან ხშირად არის ინფექციის წყარო.

ბავშვები ნაკლებად იბანენ ხელებს, ამიტომ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კვების წინ და კვების შემდგომ ხელების დაბანა და ზოგადად, ჰიგიენური წესების დაცვა, მნიშვნელოვანია.

შეიძლება, რომ ვირუსული, ბაქტერიული ინფექციების განვითარებას, ხელი შეუწყოს ბავშვის დროზე ადრე, მაგალითად, წლამდე ასაკში ზღვაზე წაყვანამ და ზოგადად, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა?

ამას როდესაც მეკითხებიან ჩემი პაციენტები, სულ ვეკითხები – „სად მიდიხართ ზღვაზე?“, რადგან ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ისეთ ადგილას მიდიან, სადაც ბევრი ხალხი არ არის, კი ბატონო, რადგან ვირუსების და ინფექციების კუთხით, თვითონ ზღვა კი არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ სიმჭიდროვე, ხალხმრავლობა.

ზოგადად, 6 თვემდე ასაკის ბავშვის სანაპირო ზოლში ყოფნა საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან მას არც მზის პირდაპირი სხივები ესაჭიროება და არც ზღვის წყალია კარგი მათი კანისთვის, რადგან ამ ასაკში, კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა. ამ ასაკის ბავშვის ზღვაში ჩაყვანა, რეკომენდებული არ არის. ასევე, ამ ასაკში ორგანიზმის თბორეგულაცია არ არის სრულყოფილი და მაღალია გადახურების და დეჰიდრატაციის რისკიც. ამ ასაკში კანი ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართაც.

6 თვიდან უკვე დასაშვებია სანაპიროზე ყოფნა, თუმცა ეს უნდა მოხდეს დილის თერთმეტის ნახევრამდე. 11:00-17:00-მდე პერიოდში, ბავშვის სანაპიროზე ყოფნა რეკომენდებული არ არის. ბავშვს სანაპიროზე ყოფნისას, აუცილებლად უნდა ესვას ასაკის შესაბამისი მზისგან დამცავი კრემი.

ზაფხულის პერიოდში, რით შეიძლება გავუმაგროთ ბავშვს იმუნიტეტი?

ამ კითხვაზე ახალს ვერაფერს გიპასუხებთ, გავიმეორებ იმას, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ შესასრულებლად ცოტა არ იყოს რთულია. ჯანსაღი იმუნიტეტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ჯანსაღი კვება, ხილ-ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტი. ხილი და ბოსტნეული ვიტამინების წყაროა, ამიტომ მათი მიღება აუცილებელია.

უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, რაც სამწუხაროდ, დღევანდელ ბავშვებში საკმაოდ დაბალია, რადგან იმდენ დროს ატარებენ გაჯეტებთან, კომპიუტერებთან, რომ ფიზიკური აქტივობისთვის დრო აღარ რჩებათ. ცალკე თემა და ძალიან დიდი პრობლემაა ჭარბი წონა და უმოძრაობა.

რომ გითხრათ, კონკრეტული მედიკამენტი გამოიგონეს, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს-მეთქი, ვიცით, რომ ასეთი რამ არ არსებობს, მხოლოდ ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ძილი და ფიზიკური აქტივობა არის ჯანსაღი იმუნიტეტის გარანტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები