პირის ღრუში ბინადრობენ ბაქტერიები, რომლებიც ლორწოსა და საკვების ნაწილაკებთან ერთად განუწყვეტლივ წარმოქმნიან კბილებზე უფერულ ნადებს. როდესაც კბილებს რეგულარულად ვიხეხავთ, ნადები დიდხანს არ რჩება, არ მაგრდება და არ იქცევა ქვად. ჯანსაღი ღრძილები მკვრივია, ვარდისფერი და მჭიდროდ ეკვრის კბილს, გინგივიტის დროს კი ისინი შუპდება და რბილდება, იღებს მუქ წითელ ფერს. კბილების გახეხვისას ღრძილებიდან მოდის სისხლი, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ სიმპტომების შემჩნევისას დროულად მიმართეთ სტომატოლოგს. გინგივიტს ყველაზე ხშირად პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა განაპირობებს. პროცესი იწყება კბილებზე ნადების წარმოქმნით, რომელიც უმთავრესად პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიებისგან შედგება. ნადებს რეგულარულად სჭირდება მოცილება. თუ ის დიდხანს დარჩა კბილებზე, შესაძლოა გამკვრივდეს და ქვად იქცეს. ქვა ანთებას იწვევს. დროთა განმავლობაში ღრძილები შეშუპდება და ადვილად სისხლმდენი გახდება, ნებაზე მიშვებული გინგივიტი კი დროთა განმავლობაში კბილების დაკარგვამდე მიგვიყვანს.
გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა, მოწევა, პირის სიმშრალე, არასრულფასოვანი კვება (C ვიტამინის დეფიციტი), კბილების გამრუდება და არასწორად მორგებული ხელოვნური გვირგვინები,დაავადებები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს, ჰორმონული ცვლილებები, გენეტიკა, ზოგიერთი სოკოვანი და ვირუსული ინფექცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღრძილების ქრონიკული ანთება უკავშირდება სასუნთქი სისტემის ზოგიერთ დაავადებას, დიაბეტს, კორონარული არტერიების დაავადებას, ინსულტს და რევმატოიდულ ართრიტს.
რაც შეეხება მკურნალობას, პირველ ეტაპზე კბილების ზედაპირიდან მთლიანად აცილებენ ნადებს და ქვებს, რაც მათ შემდგომ დაგროვებასაც აფერხებს. პროცედურა ტარდება სპეციალური ინსტრუმენტებით, ლაზერული ან ულტრაბგერითი აპარატით. ყურადღება უნდა მიექცეს არასწორ პოზიციაში მდგომ კბილებს, არასწორად მორგებულ გვირგვინებს, ხიდებს და კბილის აღმდგენ სხვა საშუალებებს, რომლებიც აღიზიანებს ღრძილებს, ართულებს ნადების მოცილებას ყოველდღიური წმენდის პირობებში და გინგივიტის განვითარებას უწყობს ხელს. პროფესიონალური წმენდის შემდეგ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში პირის ღრუს სათანადო მოვლა, რაც გულისხმობს კბილების გახეხვას დღეში, სულ მცირე, ორჯერ ფთორის შემცველი კბილის პასტით, რბილი ჯაგრისით. ეს უკანასკნელი 3-4 თვეში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს. კბილების გასაწმენდად სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში ორჯერ არის რეკომენდებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, დიაბეტის შემთხვევაში – სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, მოწევაზე უარის თქმა.