LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდოდა, რომ რაღაც სიახლე ყოფილიყო… ეს სტილი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო“ – აჩიკო ნიჟარაძე სამი ახალი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

148
აჩიკო-ნიჟარაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „შენი თვალების ფერი“, „ასი ქალი მიყვარს ერთად“ და „ჯეირანი“ პრემიერა შედგა.

აჩიკო, ვისაუბროთ შენს სოლო კონცერტზე, რომელიც თებერვალში შედგა. როგორი ემოცია იყო, როგორ შეხვდა მსმენელი?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ყველაფრისთვის. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ამ კონცერტში მთელი ენერგია ჩამედო. თურმე, ძალიან დიდი ღელვა ახლავს სოლო კონცერტს, ძალიან დიდი ენერგია და მობილიზება სჭირდება, ყველაფერზე ფიქრობ, სიმღერაზე, ტექსტზე, როგორ გამოხვალ…

რა თქმა უნდა, იყო ემოციები მსმენელებისგან, იმ მომღერლებისგან და მუსიკოსებისგან, რომლებიც გვერდში მედგნენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო.

როგორ შეარჩიე კონცერტის პროგრამა?

პროგრამაში, დაახლოებით, 20 სიმღერა იყო. სანამ კონცერტისთვის დავიწყებდი მზადებას, ქეთი გაბისიანს ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ სიმღერებისთვის თავი მოგვეყარა. ქეთი იყო მუსიკალური ხელმძღვანელი, ბაკურ ბაკურაძე რეჟისორი. იყო რამდენიმე პრემიერაც, იყო დუეტებიც.

კონცერტში ჩართულნი იყვნენ „გორის გოგონათა გუნდი“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, ნათია პერანიძე, მარიკა ოსიტაშვილი, ასევე ჩემი მეუღლე, რომელიც ისე ნერვიულობდა, რომ სცენაზე გამოსვლაზე ძლივს დავითანხმე.

მოგვიყევი სიმღერაზე „შენი თვალების ფერი“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება.

ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც სოლო კონცერტზე შევასრულე. რომა რცხილაძის, ჩემთვის უსაყვარლესი კომპოზიტორის და შემსრულებლის სიმღერაა. რომა იყო ჩემთან მოსული, მაგრამ იმ მომენტში არ ვუთხარი, რომ ამ სიმღერას ვმღეროდი, არ მინდოდა, რომ წინასწარ სცოდნოდა, სიურპრიზად დავტოვე. მერე, გვქონდა მადლობების გაცვლა. ძალიან დიდი სითბო გამოხატა რომამ თავისი გვერდში დგომით. დიდი მადლობა მას ამ სიმღერისთვის და ზოგადად, მეგობრობისთვის.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ასი ქალი მიყვარს ერთად“.

ამ სიმღერას ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ბუბა კიკაბიძე ასრულებდა. ვთქვი, ვნახოთ, მოვირგებ თუ არა ამ სიმღერას მეთქი, რადგან ძალიან სახასიათო შესასრულებელია. პასუხისმგებლობაც იყო, რომ ჩემი ვერსია სხვანაირი ყოფილიყო, რადგან არ უნდა იყოს ძველის კოპირება.

როგორია სიმღერის „ჯეირანი“ ისტორია?

გვინდოდა, რომ რაღაც სიახლე ყოფილიყო, არ გვინდოდა, რომ სტანდარტულად გოგოს და ბიჭის დუეტი ყოფილიყო, ამიტომ ქეთიმ შემომთავაზა, რომ „გორის გოგონათა გუნდი“ ჩაგვერთო. ეს სტილი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და გამოვიდა კიდეც. მთავარია, რომ მსმენელს მოეწონოს.

როგორია სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, საზაფხულო კონცერტებში მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, მაგრამ ამ წელს, დიდ კონცერტს არ ვგეგმავ, რადგან დიდი დრო სჭირდება მომზადებას. ალბათ, გაზაფხულისკენ დავგეგმავ ახალ პროექტს.

რაც შეეხება ახალ სიმღერებს, დაახლოებით, კიდევ 3 სიმღერის ჩაწერა მინდა, რომ მოვასწრო ახალ წლამდე.

აჩიკო ნიჟარაძე – შენი თვალების ფერი

აჩიკო ნიჟარაძე & გორის გოგონათა გუნდი – ჯეირანი

აჩიკო ნიჟარაძე – ასი ქალი მიყვარს ერთად

გადაცემის აუდიოჩანაწერი

აჩიკო ნიჟარაძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები