ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰელსინკიში არცერთი სასიკვდილო ავტო საგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მერიის თქმით, მთავარი მიზეზი სიჩქარის შეზღუდვაა.
ჰელსინკის ქუჩების ნახევარზე მეტზე ამჟამად მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ია, მაშინ როცა ადრე ლიმიტი 50 კმ/სთ იყო. ზაფხულში გადაწყდა, რომ სკოლებთან და ყველა მიმდებარე ქუჩაზე სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შემცირდეს. ეს წესი ახალი სასწავლო წლიდან შევა ძალაში.
გარდა ამისა, ველოსიპედის ბილიკები მანქანის გზისგან მხოლოდ ხაზით კი არა, ფიზიკური ბარიერითაც გამოიყო, რამაც ავტომობილებსა და ველოსიპედისტებს შორის სასიკვდილო შეჯახებების შემცირებას შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხმაც — ჰელსინკელებმა ნაკლებად დაიწყეს პირადი მანქანების გამოყენება. საფეხმავლო გადასასვლელები უფრო უსაფრთხო გახდა, ხოლო გზაჯვარედინებზე მოძრაობა — უკეთ ორგანიზებული.
ასევე, ქალაქის ხელისუფლებამ დაამონტაჟა მეტი ვიდეოკამერა და სიჩქარის ავტომატური კონტროლის სისტემა.
ევროპის ბევრ ქალაქში ფართოვდება ზონები, სადაც სიჩქარე 30 კმ/სთ-მდეა შეზღუდული, რაც სასიკვდილო ავარიებს ამცირებს. მაგალითად, ამსტერდამში 2023 წელს სიჩქარის ლიმიტის დაწესების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა ავარიების რაოდენობა.
ევროკავშირის პროგრამის European Vision Zero მიხედვით, 2050 წლისთვის ევროპულ გზებზე დაღუპულთა რიცხვი ნულამდე უნდა შემცირდეს.