კომპანია Honda გეგმავს ევროპული ბაზრიდან გაიყვანოს და წარმოებიდან მოხსნას ერთადერთი ელექტრო კროსოვერი Honda e:Ny1. ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt-ი კომპანიის სათავო ოფისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. რიგ ქვეყნებში მოდელზე შეკვეთების მიღება უკვე შეჩერებულია.
კომპანიის ახალი სტრატეგიის ფარგლებში Honda ყურადღებას ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადაიტანს, თუმცა გარკვეულ რეგიონებში მაინც გეგმავს ბატარეაზე მომუშავე ახალი მოდელების გამოშვებას, შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასში.
კომპაქტური კროსოვერი e:Ny1 ევროპაში 2023 წელს გამოჩნდა. ის წარმოადგენს მოდელის Honda e:NS1 ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც Dongfeng-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ავტომობილი აღჭურვილია 204 ცხენის ძალის ელექტროძრავით და ერთი დამუხტვით დაახლოებით 412 კილომეტრის გავლა შეუძლია.
თუმცა შედარებით მოკრძალებული მახასიათებლებისა და მაღალი ფასის გამო მოდელზე მოთხოვნა დაბალი აღმოჩნდა. ფასების გადახედვის შემდეგაც კი კომპანიამ 2025 წელს მხოლოდ 105 ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
ამ დროისთვის შეკვეთების მიღება უკვე შეჩერებულია გერმანიაში, იტალიაში და ესპანეთში. სხვა ქვეყნებში მოდელი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, კომპანია გეგმავს დარჩენილი ელექტრომობილების მარაგის კონცენტრირებას იმ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა შედარებით მაღალია – ჩრდილოეთ ევროპასა და დიდი ბრიტანეთში.