11 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარულ დილას“ „ღამის შოუს ბენდის“ წევრი, ტელეწამყვანი, თათა გიორგობიანი სტუმრობდა. თათამ თავის დილის რუტინაზე, პროფესიაზე, კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თათა, მოგესალმებით, როგორ ხარ?
დილა მშვიდობისა სრულიად საქართველოს, „არ დაიდარდოს“ მსმენელს. წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს საოცარი ამინდია და ვფიქრობ, დღევანდელი დღე პოზიტიურად და კარგად წავა.
როგორია თათა გიორგობიანის დილა?
ჩემი დილა ყოველთვის სხვადასხვა დროს იწყება, გამომდინარე იქიდან, მაქვს თუ არა ლექცია, ვარ თუ არა სადმე გასაქცევი და გამოსაქცევი. ყოველთვის ვცდილობ, ადრე ავდგე, თუმცა როცა საშუალება მაქვს, შედარებით გვიან, დაახლოებით, 11-12 საათისთვის ვდგები. ძალიან მიყვარს ძილი, განსაკუთრებით დილის ძილი და როდესაც მაქვს ამის შესაძლებლობა, ყოველთვის ვიყენებ. ეს ყველაფერი იმითაც არის განპირობებული, რომ ღამე გვიანობამდე ვმეცადინეობ. ძირითადად საღამოს ნაწილი მაქვს დატვირთული. ვსწავლობ ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე და მიმყავს „საღამოს პოსტი“ „POSTV”-ს პირდაპირ ეთერში, კონცერტებიც ძირითადად დღის მეორე ნახევარში გვაქვს ხოლმე, ამიტომ დღის პირველი ნაწილი მრჩება იმისთვის, რომ მოვწესრიგდე, სალონში, საყიდლებზე წავიდე და ა.შ. დღის პირველ ნაწილს უფრო მეტად ვარჯიშს, დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვას ვუთმობ.
რის გარეშე არ გადიხარ სახლიდან?
მადლობელი ვარ, რომ არსებობს ყავა, შემიძლია ვაღიარო, რომ ყავაზე დამოკიდებული ვარ. ვერ წარმომიდგენია, ყავის გარეშე დილის დაწყება და სხვათა შორის, ბებოსთან მაქვს ხოლმე ამაზე კონფლიქტი, სულ მეუბნება, ნუ სვამ ამდენ ყავასო. დღის განმავლობაში 4-5 ფინჯან ყავას მივირთმევ. აუცილებელია, რომ სახლიდან გასვლის წინ გავაკეთო ვოკალური გამღერება, ალბათ, ეს ყველა მომღერლის წესია და თუ მოვასწრებ, იოგურ სუნთქვასაც ვაკეთებ ხოლმე. იოგური სუნთქვა, მარტივი სუნთქვითი ვარჯიშებია, რომლის შესრულებაც ყველას შეუძლია სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, მცირე ინსტრუქციების გაცნობის შემდეგ. ეს პროცესი ჟანგბადით ამარაგებს მთელ სხეულს, ენერგიაზე, კარგ განწყობაზე მოჰყავხარ და სხვა შემართებით გადიხარ სახლიდან. თუ რამდენიმე იოგას ვარჯიშსაც მოვასწრებ, ეს კიდევ უფრო კარგია.
თათა, უცებ გამოჩნდი და ასე ვთქვათ, პირდაპირ მწვერვალზე ახტი. მოგვევლინე მომღერლად, ტელეწამყვანად. როგორი იყო შენი გზა ამ წარმატებამდე?
სხვათა შორის, ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ასე უცებ მწვერვალზე ავხტი. რა თქმა უნდა, დიდი გამართლება იყო, რომ „ღამის შოუს ბენდში“ აღმოვჩნდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მანამდე არ მიშრომია. საკმაოდ ბევრ პროფესიაში მოვსინჯე თავი და არაერთი მარცხიც განვიცადე. მარცხი იმ მხრივ, რომ ზოგი პროფესიისთვის ჩემი უნარები არ იყო შესაბამისი და ზოგი პროფესიისთვის პირიქით, იყო შესაბამისი, მაგრამ მე არ მომეწონა თვითონ ის სფერო, გარემო, სიტუაცია ან თუნდაც ანაზღაურება. ადამიანები ვართ და ხშირად გვიწევს ისეთ სფეროში მუშაობა, რომელიც არ გვიყვარს, არ მოგვწონს, მაგრამ საჭიროა იმისთვის, რომ ვიარსებოთ. როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ბევრ პროფესიაში მოვსინჯე თავი, მაგრამ საბოლოოდ იმ სფეროებში შემოვრჩი, რომელიც ჩემთვის საყვარელი და სიამოვნების მომტანია, ეს სფეროებია, მუსიკა და ფსიქოლოგია. როგორც უკვე გითხარით, ფსიქოლოგიის მიმართულებით განვაგრძობ სწავლას და სამომავლოდ ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშავებ, თუმცა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მუსიკა უფრო წინ არის, ხალხმაც ამ მიმართულებით გამიცნო. „ღამის შოუს ბენდში“ შემთხვევით აღმოვჩნდი. წინა ბენდთან ერთად ვმღეროდი ერთ-ერთ ქორწილში და აბსოლუტური დამთხვევა იყო, რომ გელა გნოლიძეც იმ ქორწილში იმყოფებოდა და ეძებდა ბენდს „ღამის შოუსთვის“. შემოგვხედა, ვიზუალური მხარეც მოეწონა, ვოკალური მონაცემებიც, გაგვესაუბრა და ასე აღმოვჩნდი „ღამის შოუს ბენდში“. ვთვლი, რომ გამართლებაც არის, საჭირო დროს საჭირო მომენტში აღმოჩნდე.
როგორ უთავსებ ერთმანეთს სიმღერას, ტელეწამყვანობას და სწავლას?
არ მკითხოთ, ძალიან რთული ამბავია. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება და იმდენად გადავეშვი სწავლასა და მუშაობაში, რომ პირადი ცხოვრებისთვის და მეგობრებისთვის დრო აღარ მრჩება. აღმოჩნდა, რომ ჩემი გართობაც, ხალხთან ურთიერთობაც, სიმღერაც და კონცერტიც ამ სფეროებმა მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რუტინული და ზოგჯერ საკმაოდ დამღლელიცაა ეს ყველაფერი, ვფიქრობ, გავუძლებ, რადგან მიყვარს ჩემი საქმიანობა და მოვა ის ეტაპიც, როდესაც აღარ მექნება ასეთი დატვირთვა, დაბალანსდება ეს ყველაფერი. როცა სწავლას დავასრულებ, რეჟიმს საკუთარ თავზე მოვირგებ, თუმცა იქამდე ბოლომდე გადაშვებული ვარ შრომაში, რათა კენწეროში გატკბილდეს.
გადაცემის ჩანაწერი: