ინდოეთში პოლიციამ ქორწილის დროს დააკავა სასიძო, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი. ამის შესახებ გამოცემა Bhaskar English წერს.
26 წლის აკაშს, მეტსახელად „ბჰურა ჰადის“, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მიიჩნევა, მღვდლის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით ეძებდნენ. სამართალდამცველებმა მასთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავეს – ისინი ქორწილის სტუმრები იყვნენ. გამოძიების ვერსიით, სასიძომ გატაცების შედეგად მიღებული გამოსასყიდის ნაწილი სწორედ ქორწილის ორგანიზებაში დახარჯა.

დაკავების შემდეგ პატარძალი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართალდამცველებს სთხოვა, რომ ან რამდენიმე საათით გაეთავისუფლებინათ სასიძო ცერემონიის დასასრულებლად, ან მათთვის ქორწინების გაფორმების ნება თავად განყოფილებაში მიეცათ.
პოლიციამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აკაშს სულ 31 სისხლის სამართლის საქმე აქვს, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებაც.