პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის (PFA) ფეხბურთელებმა 2018/19 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესოები შეარჩიეს და სიმბოლური ნაკრებიც შეადგინეს.
11 საუკეთესოს შორის 10 ჩემპიონატის ლიდერი გუნდების წარმომადგენლები არიან – 6 ფეხბურთელი „სიტიდანაა“, 4 – „ლივერპულიდან“ და ერთადერთი პოლ პოგბა გამოეკვეხა „მანჩესტერიდან“, რამაც სპეციალისტების კრიტიკა გამოიწვია და ბევრს მიაჩნია, რომ ფრანგი არ იმსახურებდა წლის სიმბოლურში მოხვედრას.
პრემიერლიგის სეზონის ნაკრები:
მეკარე: ედერსონი (სიტი);
მცველები: რობერტსონი (ლივერპული), ლაპორტი (სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული);
ნახევარმცველები: ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო (სიტი), პოგბა (მანჩესტერი);
ფორვარდები: მანე (ლივერპული), აგუერო, სტერლინგი (სიტი).
ამაზე კომენტარი გააკეთა „ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა, რომელმაც თქვა, რომ წლის გუნდში თერთმეტივე ფეხბურთელს „ლივერპულიდან“ აიყვანდა.
„ოთხი შეიყვანეს ჩემი გუნდიდან, მაგრამ მე მათ კიდევ ხუთს, ექვსს ან სულაც შვიდს დავუმატებდი. წლის გუნდი ჩემი გუნდია“, – აცხადებს კლოპი.
პრემიერლიგის 35 ტურის შემდეგ „სიტი“ 1 ქულით უსწრებს „ლივერპულს“.