საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს დუბლინის „ავივაზე“ მეორე შესარჩევ მატჩს გამართავს მისთვის უხერხულ მეტოქესთან, ირლანდიასთან, ვისაც მეათედ ვეთამაშებით და სულ ვაგებთ. ირლანდია დღეს ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ იმდენი კი შეუძლია, რომ საქართველოს ისევ აჯობოს. მოკლედ, მასპინძლებს სამი ქულა აქვთ დაგეგმილი.
„ბოლო დროს საქართველოს ნაკრები გაიზარდა და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მათ თამაშებს ვუყურე და დარწმუნებული ვარ, რომ რთული შეხვედრა გევლის, მართალია, პირველ ტურში შვეიცარიასთან წააგეს, მაგრამ პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ჩვენ საკუთარ სტადიონზე ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ, რონ ეს შეხვედრაც მოვიგოთ“, – განაცხადა საქართველოსთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ.
ევრო 2020-ის შესარჩევის პირველ მატჩში ირლანდიამ გასვლაზე აუტსაიდერ გიბრალტარს მხოლოდ 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი ჯეფ ჰენდრიკმა გაიტანა.
„იანვრის შემდეგ გოლი არ გამიტანია და მიხარია, რომ ეს ნაკრებში მოვახერხე. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებთან ურთულესი მატჩი გველის. ამის მიუხედავად, მათ ჩვენი ტაქტიკა და ბრძოლისუნარიანობა უნდა დავუპირისპიროთ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“, – ამბობს „ბარნლის“ ნახევარმცველი.
„საქართველოსთან ირლანდიამ აუცილებლად უნდა მოიგოს“, – ასეთია დამიენ დაფის განწყობა, რომელსაც ირლანდიის ნაკრებში 100 თამაში აქვს ჩატარებული და წლების განმავლობაში ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა.
დაფს საქართველოსთანაც უთამაშია თბილისში, 2003 წელს (2:1 მოიგო ირლანდიამ) და მაშინ გოლიც გაგვიტანა.
„მოულოდნელი იყო ის, რაც გიბრალტართან ვნახეთ. ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ 1:0 მოიგო. ფრედ რომ გვეთამაშა, ეს საერთოდ კატასტროფა იქნებოდა. იმედია, საქართველოსთან შეხვედრაში ირლანდიისგან სულ სხვა თამაშს ვიხილავთ და მეტოქეს შანსს არ დავუტოვებთ“.