კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლუქსემბურგს 3 გოლი გაუტანა (5:0). დაუდგრომელმა მე-8 და მე-13 წუთებზე პენალტები შეაგდო, 87-ზე კი ერთიც მიამატა.
ეს გახლავთ მისი 113, 114-ე და 115-ე გოლები ეროვნულ გუნდში – მან მსოფლიო რეკორდი განაახლა.
2021 წელს რონალდომ 38 გოლი გაიტანა კლუბსა თუ ნაკრებში და ამით ლეო მესის დაეწია.
ისე კი კრიშტიანო არგენტინელს ასწრებს ჰეთ-თრიქებით კარიერის განმავლობაში – 58 პორტუგალიელს 55-ის წინააღმდეგ. სანაკრებო ჰეთ-თრიქებში რონალდო 10:7 იგებს.
წელს კრიშტიანომ პორტუგალიის ნაკრების 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, რონალდო ამჟამად მეორე ადგილს იყოფს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გატანილი გოლებით. მას 36 გოლი აქვს, რამდენიც ირანელ ალი დაეის. რეკორდი (ჯერჯერობით) კარლოს რუისს ეკუთვნის გვატემალიდან – 39 გოლი.
ლუქსემბურგს კი რონალდომ უკვე 9 გოლი გაუტანა, ამდენი კრიშტიანოს არცერთი სხვა ნაკრებისთვის არ უკადრებია. მას 7 გოლი აქვს გატანილი ლიეტუვასა და შვედეთისთვის, 6-6 – ანდორასა და უნგრეთის კარში.
„პირობა დავდე, რომ ყოველთვის უფრო მეტისკენ ვისწრაფვი!“ – თქვა კრიშტიანომ ლუქსემბურგთან მატჩის დროს.