LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი Porsche Carrera GT აუქციონზე 2,75 მილიონ ევროდ გაიყიდება

108
1428x1428

აუქციონის სახლმა RM Sotheby’s გასაყიდად გამოიტანა იშვიათი Porsche Carrera GT, რომლის სავარაუდო ღირებულება 2,25-დან 2,75 მილიონ ევრომდეა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს სუპერქარებისთვის საკმაოდ დიდი გარბენი – თითქმის 20 500 კილომეტრი აქვს, ექსპერტების შეფასებით, ის შესანიშნავ ტექნიკურ მდგომარეობაშია.

ეს Carrera GT 2005 წელს არის გამოშვებული და 1 270 წარმოებული ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. განსაკუთრებულ იშვიათობას მას Guards Red-ის ქარხნული შეფერილობა ანიჭებს – ამ ფერში Porsche-მ მხოლოდ 80 ავტომობილი დაამზადა.

სუპერქარს მთელი ცხოვრება გერმანიაში ჰყავდა მფლობელები და ამ დროის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა პატრონი. ერთ-ერთი მფლობელი ავტომობილს 15 წლის განმავლობაში ფლობდა, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 1 000 კილომეტრი გაიარა.

აუქციონის ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტომობილი ორიგინალურ მდგომარეობაშია და სრულად გამართულია. მას მხოლოდ ძარის რამდენიმე მცირე დაზიანება აღენიშნება. გარდა ამისა, Carrera GT-მ უკვე გაიარა 2023 წელს გამოცხადებული სავალდებულო სერვისული კამპანია.

Porsche Carrera GT 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, როგორც Porsche-ს პასუხი Ferrari Enzo-ზე. მოდელი კომპანიის ლე-მანის სარბოლო პროგრამაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება და აღჭურვილია 5,7 ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავით, რომელიც 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალოვანი აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს, რის გამოც Carrera GT დღესაც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სუპერქარად მიიჩნევა.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები