იშვიათი ნიდერლანდური სუპერქარი Spyker C8 ონლაინ აუქციონზე 670 000 დოლარად გაიყიდა. ავტომობილი არა მხოლოდ მინიმალური გარბენით, არამედ უნიკალური კონფიგურაციითაც გამოირჩევა, რის გამოც ექსპერტები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად გაყიდულ ეგზემპლარად მიიჩნევენ.
ავტომობილი 2006 წელს Spyder-ის, ანუ ღია სახურავის მქონე ვერსიის სახით დამზადდა, თუმცა მფლობელის სურვილით ერთი წლის შემდეგ Laviolette-ის კუპედ გადააკეთეს. მოდელმა მინის ჩანართებიანი მყარი სახურავი მიიღო. მოგვიანებით მას უფრო ახალი თაობის Spyker C8-ის საჭეც დაუმონტაჟეს და უკანა ფარებიც შეუცვალეს.
სუპერქარმა ორიგინალური წითელი შეფერილობა შეინარჩუნა. ცნობილია, რომ Spyker-მა ამ ფერში მხოლოდ ორი C8 გამოუშვა, ხოლო კუპედ გადაკეთების შემდეგ ეს ავტომობილი 67 წარმოებულ Laviolette-ს შორის ერთადერთ წითელ ეგზემპლარად ითვლება.

20 წლის განმავლობაში ავტომობილმა 400 კილომეტრზე ნაკლები გაიარა. მიუხედავად მცირე ექსპლუატაციისა, მას რეგულარულად უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება. ბოლო მსხვილი სერვისი გასულ წელს ჩატარდა, როდესაც სრულად შეამოწმეს და განაახლეს მისი 4.2 ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც Audi-ს ეკუთვნის.

ძრავა 400 ცხენის ძალასა და 480 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს ავითარებს. მასთან წყვილში მუშაობს ექვს საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი Getrag და უკანა წამყვანი თვლების სისტემა.
670 ათასი დოლარის ფასით ეს Spyker C8 იმ თანხაზე მეტად გაიყიდა, რაც დღეს ორი ახალი Ferrari 296 GTB-ის შესაძენად არის საჭირო.