იტალიის სენატის წევრები ამიერიდან სამსახურში თავის ძაღლებთან ერთად შეძლებენ სიარულს. სიახლის შესახებ Wanted in Rome წერს.
ძაღლებთან ერთად სიარულის უფლება მიიღეს არამხოლოდ სენატორებმა, არამედ მათმა თანაშემწეებმა და სხვა თანამშრომლებმა. პარლამენტში შესვლა ცხოველებთან ერთად მათ გვერდითა შესასვლელიდან მოუწევთ.
ძაღლებს გაჩერება მხოლოდ პირად კაბინეტებში შეეძლებათ, მათმა მეპატრონეებმა კი უნდა წარადგინონ ვაქცინაციის შესახებ ცნობა და საჭიროების შემთხვევაში სისუფთავეზეც იზრუნონ.
თითოეულ თანამშრომელს მხოლოდ ერთი ძაღლის მიყვანა შეუძლია, ადმინისტრაციაში კი სიას შეადგენენ რათა ზუსტად იცოდნენ, თუ რამდენი ცხოველი იმყოფება პარლამენტში ყოველ დღე.
შესვენებებზე ძაღლების მეპატრონეებს თავის ცხოველებთან ერთად რომის ქუჩებში შეეძლებათ გასეირნება.
კატებისთვის სენატის კარი ჯერ-ჯერობით დაკეტილია.
საინტერესოა, რომ ძაღლებისთვის ღია კარის დღის მოწყობას აპირებენ ბუდაპეშტის საჯარო სამსახურებში, გერმანიისა და ევროკომისიის პარლამენტებში.